საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
სტამბოლის ბაზარში ქართველებით ვაჭრობას ჰგავს ამბავი, რომელსაც „პრაიმტაიმს“ ახალგაზრდა ქართველი ქალი თურქეთიდან დახმარების იმედით უყვება. საბედნიეროდ, ქართველი ზღვისფერი თვალებით 3 წლის ლუპიტა ბაზარზე გაყიდვას გადაურჩა. ის თურქმა სამართალდამცველებმა გადაარჩინეს. ახლა, დედას სამშობლოში დაბრუნება სურს, მაგრამ უსახსრობის გამო, პატარას საჭირო საბუთებს ვერ უკეთებს და უიმედოდ მყოფმა 30 წლის თეონა ბერაძემ „პრაიმტაიმს“ მიმართა.
„უკვე 3 წელია, რაც თურქეთში ვარ ჩემს პაწაწინასთან ერთად. საქართველოში კი 4 შვილი მელოდება: 14 წლის თამაზი, 11 წლის ლუკა, 7 წლის რეზი და 4 წლის სალიტა ფერაძეები.
პირველმა მეუღლემ დაიტოვა ბავშვები და ის ზრდის. რა თქმა უნდა, მათთან კონტაქტი მაქვს. 13 წლის ვიყავი, როცა მომიტაცა. ოჯახში სხვა წევრებთან მქონდა პრობლემები, ბევრი ვითმინე, მაგრამ ოჯახი მაინც დამენგრა, თავად ქმარმა მთხოვა, წადიო.
ჩემს მშობლებთან და დედმამიშვილებთან ურთიერთობა ამის გამო დამეძაბა, მათ განათხოვარი და მერე მეორე ქორწინებაში მყოფი აღარ მიმიღეს. იძულებული გავხდი, რომ მეორე ქმართან ერთად თურქეთში წამოვსულიყავი. აქ დაიბადა ჩემი პატარა გოგონა, ლუპიტა. ის ახლა 2 წლისაა. ბავშვი როცა 4 თვის იყო, ქმარმა მითხრა საქართველოში უნდა ჩავიდეო. უკან აღარ დაბრუნებულა. მისი ახლობლისგან გავიგე, რომ პირველ ოჯახს დაუბრუნდა. ჩემი ნაშრომი თანხაც წაიღო და წავიდა. ნოემბრის თვე იყო, „ხაზეიკამაც“ სახლიდან რომ გამოგვყარა მე და ჩემი პატარა გოგო და 3 დღე-ღამე ქუჩაში გავატარეთ. საშინლად წვიმდა და ღამე თოვდა…
ერთხანს ბავშვთან ერთად ფაბრიკაში ვცხოვრობდი. მერე ქართველი ძიძა ავუყვანე, მე უნდა მემუშავა, რადგან ბავშვებს ბევრი სჭირდებათ და თანაც მეუღლემ ვალები დამიტოვა. ის ქალი ირანელ მამაკაცზეა დაქორწინებული. ქართველი ქალები ალმაცერად მიყურებდნენ და ერთხელაც, ერთ-ერთი გამოტყდა, ბავშვის ძიძის ოჯახმა თქვა, რომ თეონამ ბავშვი გაყიდაო. რა თქმა უნდა, იმ წამსვე ძიძასთან გავიქეცი. ჩავიწერე მისი საუბარი და მერე აქაურ ქართველებს მოვასმენინე.
აღმოჩნდა, რომ ამ წყვილს ჩემთვის ბავშვის წართმევა უნდოდა, რადგანაც იცოდნენ, რომ ლუპიტას საბუთები არ მქონდა. ერთ საღამოს ბავშვს ჩვეულებისამებრ მივაკითხე სამსახურის შემდეგ და აღმოჩნდა, რომ ის სტამბოლიდან გაყვანილი ჰყავდათ. სახლში მხოლოდ ძიძის მეუღლე იყო, რომელმაც მცემა და გამომაგდო. აქაური ქართველები გვერდით დამიდგნენ, ჩემი თურქი უფროსიც დამეხმარა და საქმე პოლიციამდე მივიდა. დავადასტურეთ, რომ ამ ოჯახმა ბავშვი უკანონოდ მომტაცა. პოლიციამ ლუპიტა დამიბრუნა, მაგრამ მუშაობა ამეკრძალა, რათა ბავშვს ყურადღება არ მოაკლდეს. ახლა, ისევ ჩვენი თანამემამულეების იმედად ვართ. უფასოდ გვაცხოვრებენ, გვაჭმევენ, ჩემს გოგონას აცმევენ.
საქართველოში მინდა დაბრუნება, მანდ 4 შვილი მელოდება, მაგრამ ლუპიტას გარეშე როგორ დავბრუნდე? აქ ამას ვერ ვტოვებ და მანდ ბავშვების მონატრება მკლავს. სამჯერ მივმართე სტამბოლში საქართველოს საკონსულოს, მაგრამ მითხრეს, რომ რადგანაც სახლში ვიმშობიარე, ერთადერთი გზა დნმ-ის ანალიზის ჩატარებაა, რომელიც 2500 ლირა ღირს. უმუშევარი ვარ და წარმოუდგენელია ჩემთვის ამხელა თანხის მოძიება. აქაურმა ქართველებმაც რამდენი გაგვიკეთონ? მათაც გაჭირვებული ოჯახები ელოდებიან“ – აცხადებს თეონა ბერაძე.
„პრაიმტაიმი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ფინანსური დახმარების რესურსი მათ არ გააჩნიათ, ამიტომ თეონა ბერაძეს განემარტა, რომ მას შემდეგ, რაც მოიძიებს დნმ-ის ანალიზის თანხას, საკონსულო დაიცავს მათ უფლებებს.
„თეონა ბერაძე ინფორმირებულია ყველა პროცედურის შესახებ. ჩვენს უწყებას არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ ყველა ქართველს დაეხმაროს. როცა ანალიზი დაადასტურებს, რომ ბავშვი ნამდვილად მისი შვილია, მერე დაეხმარება. სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ უცხოეთში გარდაცვლილების ოჯახებს ვეხმარებით გადმოსვენებაში“ – განმარტავს უწყების წარმომადგენელი.
სოციალური მომსახურების სააგენტოში მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა რომ საკონსულო უნდა ჩაერთოს, რადგან დედა საქართველოს მოქალაქეა.
„თუ ვერ ხერხდება ბავშვის დაბადების ფაქტის დადასტურება, ერთადერთ გზად დნმ-ის ანალიზის ჩატარება რჩება, რომელიც საელჩოს დონეზე უნდა მოგვარდეს, რადგან ქალბატონი საქართველოს მოქალაქეა. ჩვენს უწყებაში ნამდვილად არ ყოფილა მომართვა. დავუკავშირდები კონსულს, ჩვენ მსგავს საკითხებზე ვთანამშრომლობთ ხოლმე და თვალყურს მივადევნებთ“ – აცხადებს ეთერ ცხაკაია.
„პრაიმტაიმი“ ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდსაც დაუკავშირდა. უწყების დირექტორი, მერი მაღლაფერიძე აცხადებს, რომ ფონდის თავშესაფრებში სხვადასხვა ტიპის მსხვერპლის განთავსება-რეაბილიტაცია ხდება. თუმცა, მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ ის დედა-შვილის დასახმარებლად ყველა ღონეს იხმარს.
სანამ უწყება მოიძებნება, რომელიც თავის მოქალაქეს საბუთების მოწესრიგებაში დაეხმარება, პატარა ლუპიტა თურქეთის „უჩინარ“ მოქალაქედ რჩება. აქ დედის მონატრებით 4 ბავშვი იტანჯება. ახლა, თურქეთში მყოფი ემიგრანტი, თეონა ბერაძე მხოლოდ კეთილი ადამიანების დახმარების იმედადაა.
 
1326 /
21 აგვისტო 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები