საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა მუდმივი თანამდებობაა, უფრო მყარი თანამდებობაც გახლავთ. გენერალური პროკურორი უვადოდ არ ინიშენება, შესაძლებელია, თუნდაც პოსტიდან მისი გადაყენება თუ სხვა. თადუმაძის არჩევის შემთხვევაში, იგი ისევ იურიდიულ საქმიანობას გააგრძელებს, სადაც მას შესაბამისი გამოცდილება მიღებული აქვს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შორის გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის ყოფნას.
ანაკლიის პორტის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე, ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებასა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე „რეზონანსი" ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა.
„რეზონანსი": უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა სიაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის ზაზა თავაძის გვარიც არის.
ნიკა ჩიტაძე: სწორედ იმიტომ, რომ მას უფლებამოსილება ეწურება, ბუნებრივია მან უნდა გააგრძელოს საქმიანობა და მისთვის უფრო მყარი იქნება, თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდება.
„რ": ანაკლიის კონსორციუმის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგას. ანაკლიის პორტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს როგორ შეაფასებთ?
ნ.ჩ.: ყველაზე პესიმისტური სცენარი არის ის, რომ შესაძლებელია რუსეთი გარკვეულ ფარულ ზეწოლას ახორციელებდეს საქართველოზე იმისათვის, რომ საქართველომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არ განავითაროს. რუსეთი შეშფოთებულია ანაკლიის პორტის მშენებლობით, რადგან ანაკლიის პორტს გრძევადიან პერიოდში, დაახლოებით 12 წლის შემდეგ, 100 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეეძლება. ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საქართველოსთვის სერიოზული მიღწევა იქნება.
რუსეთი შეშფოთებულია იმით, რომ ანაკლიის პორტი ამ შემთხვევაში სერიოზულ კონკურენციას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთადერთ ნავსადგურს გაუწევს - ეს არის ნოვოროსიისკის პორტი, რომელიც 3 თვის განმავლობაში შტორმების გამო დაკეტილი იყო და მისი გამტარუნარიანობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე ანაკლიის პორტის იქნება და ანაკლიის პროექტის განხორციელების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად შემცირდება.
ნოვოროსიისკის პორტს კონკურენტი უჩნდება, თანაც ისეთ ქვეყანაში, რომლის სახელმწიფოებრივობის გაძლიერებით რუსეთი ნამდვილად არ არის დაინტერესებული. საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი გაიზრდება, დამატებით კი ასევე გაიზრდება დასავლეთის ინტერესები საქართველოს მიმართ.
შედარებით ნაკლებად პესიმისტური სცენარი არის ის, რომ პორტის მშენებლობა კი განხორციელდება, თუმცა საუბარია გარკვეულ წილებზე. აქ შესაძლოა ივანიშვილს არ სურდეს, რომ ხაზარაძეს და მის ჯგუფს მონოპოლია ჰქონდეთ, მისი სურვილია თვითონ ჰქონდეს ესკლუზიური უფლება განახორციელოს ინფრასტრუქტურული პროექტები ანაკლიის პორტში.
ყველაზე ოპტიმისტური ვარიანტი გახლავთ ის, რომ პორტი აშენდება, სადაც ამ შემთხვევაში დასავლეთის ქვეყნები ჩაერევიან, რადგან მათი ინტერესი დიდია, ასევე ჩინეთი, რომელიც აქტიური გეოპოლიტიკური სახელმწიფო ხდება. ხელისუფლება იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს, როგორც ჩინეთის, ასევე დასავლეთის, მათ შორის ევროკავშირის ინტერესებს.
„რ": ერთ კვირაში მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. თქვენ პირადად რა მოლოდინი გაქვთ?
ნ.ჩ.: თუ ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურს არ გამოიყენა, შალვა შავგულიძეს გამარჯვების მეტი შანსი აქვს. მთლიანად თბილისში და მათ შორის მთაწმინდის უძველეს რაიონში ნიჰილისტური დამოკიდებულება შეინიშნება, როგორც პოლიტიკოსების, ასევე პარტიათა მიმართ და მათ შორის მმართველი პარტიის მიმართაც, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამომრჩეველთა მხოლოდ 35%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
ხელისუფლება ეცდება, რომ ნეიტრალურ ადამიანებზე გავლენა მოახდინოს იმისათვის, რომ არჩევნებზე გამოცხადდენ, როგორც ეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოხდა. არ არის გამორიცხული, ლოკალურ დონეზე, მთაწმინდის რაიონში, ხელისუფლებამ იგივე მეთოდს მიმართოს და საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს. თუ არჩევნები არ გაყალბდება, რაც ნაკლებად არის შესაძლებელი, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შალვა შავგულიძის კანდიდატურას ამჯობინებს.
„რ": ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა და შესაბამისად, მან უკრაინაში დაბრუნება შეძლო. რამდენად მოსალოდნელია, რომ მან გარკვეული თანამდებობა დაიკაოს? ამ შემთხვევაში, შესაძლოა თუ არა, „ნაციონალური მოძრაობის" გარკვეული ნაწილი სააკაშვილმა უკრაინაში გადაიყვანოს?
ნ.ჩ.: შესაძლებელია, რომ ზელენსკი დაინტერესებული იყოს გვერდზე რეფორმატორები ჰყავდეს. უკრაინას მეტად მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ კადრების დეფიციტი შეიმჩნევა და არ არის გამორიცხული, რომ მიხეილ სააკაშვილს თანამდებობა შესთავაზონ, ალბათ მრჩევლის თანამდებობა. შესაძლოა არ დანიშონ ისევ ოდესაში გუბერნატორად, მაგრამ ზელენსკის მრჩევლის თანამდებობა დაიაკოს, თუნდაც კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში.
თუ სააკაშვილი შეთავაზებას მიიღებს, არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე თავის თანამოაზრეს მოუხმოს, თუმცა, მეორე მხრივ მას სჭირდება გამოცდილი მომხრეებიც, რომელთაც პოლიტიკური გამოცდილება გააჩნიათ, რომ „ნაცმოძრაობა" არ დასუსტდეს.
მან შესაძლოა უკრაინელებისგან რეფორმატორთა გუნდი შემოიკრიბოს. არ არის გამოცხული, რომ იგი ზელენსკისთან ალიანსში შევიდეს, რადგან ზელენსკის პარლამენტში საკუთარი მომხრეები სჭირდება.
„რ": პარასკევს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს უსმენდენენ, სადაც მმართველი გუნდის ყოფილი წევრები საკმაოდ მწვავე და რადიკალური განცხადებებითა და ქცევებით გამოირჩეოდნენ. რითი აიხსნება ეს?
ნ.ჩ.: მათ ჰქონდათ ხშირი შეხება „ქართულ ოცნებასთან". შესაძლოა პოლიტიკური შეხების ფარგლებში ბევრი უთანხმოება ჩნდებოდა და არ არის გამორიცხული, რომ შემდგომში „ოცნების" საბჭომ მიიღო დადგენილება, რომ ეს დეპუტატები მომავალ საპარალმენტო სიაში არ ჩაესვათ.
იმ ფაქტმაც, რომ ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლება დაუპირეს, დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია, რომლებიც თავის დროზე იყვნენ „ქართული ოცნების" წევრები. მათ საქმიანობა „ქართულ ოცნებაში" არ დაუფასეს და გაღიზიანებულები არიან.
წყარო: resonancedaily.com
 
3279 /
02 ივნისი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები