პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
როგორც უკვე ცნობილია, უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ ზელენსკის მადლობა გადაუხადა და ფეისბუქზე ვარშავა-კიევის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა. ის უკრაინაში, 29 მაისს ჩავიდა. სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება მას საქართველოსთან კიდევ უფრო დაახლოვებს.
რას მოუტანს ვლადიმირ ზელენსკის უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება და რაში სჭირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის ახალი მეთაურს. რა ელოდება წინ მიხეილ სააკაშვილს - რომელსაც განუზომელი ამბიციები აქვს?
ანალიტიკოსები „რეზონანსთან" იმ სავარაუდო, ვერსიებზე საუბრობენ, რომელიც შეიძლება ზელენსკის სააკაშვილთან დაკავშირებით ჰქონდეს. თუმცა თავის მხრივ საქართველოს მესამე პრეზიდენტსაც, რომ უკრაინაში პოლიტიკური რეინკარნაციის გეგმა ექნება, ამაში პოლიტოლოგები დარწმუნებულები არიან.
ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, მათ შორის უკვე რაღაც შეთანხმება პოლიტიკური პოზიციონირების შესახებ არსებობდეს. მათი აზრით, მოქალაქეობის აღდგენის საკითხის გაჭიანურება შეიძლებოდა, მაგრამ რადგანაც უკვე მოქალაქობა შემჭიდროვებულ ვადებში დაუბრუნა, ესე იგი, მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ ზელენსკის კარგი პოლიტიკური შეთავაზება გაუკეთა და მისი დახმარება დაუყოვნებლივ სჭირდება.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ზელენსკი სააკაშვილის, როგორც კარგი რეფორამტორის გამოცდილებას გამოიყენებს და უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად მის რჩევებს გაითვალისწინებს.
პოლიტოლოგები არ ელოდებიან, რომ სააკაშვილი მთავრობაში რაიმე მაღალ თანამდებობას დაიკავებს. თუმცა, არც იმას გამორიცხავენ, რომ სააკაშვილმა თავისი პარტიის უკან დაბრუნება და რადაში შესვლა ზელენსკის პარტიასთან ერთად სცადოს. ახლა ზელენსკის რადაში მოკავშირე ძალიან სჭირდება, ამიტომაც სააკაშვილის პარტიასთან ერთად არ არის გამორიცხული, რომ უკრაინის პრეზიდენტმა კოალიციური მთავრობაც კი ჩამოაყალიბოს.
მათი აზრით, ვლადიმირ ზელენსკი, სანამ "ვერხოვნა რადას" არჩევნები არ იქნება, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანს ვერაფერს გააკეთებს, ამიტომ მანამდე მან თავისი რეიტინგი უნდა შეინარჩუნოს. ამისათვის კი წინა ხელისუფლების ლამაზად დასჯაა საჭირო. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს შეუძლია სასარგებლო კაცი აღმოჩნდეს.
ასევე ჩნდება კითხვები, ხომ არ გაითვალისწინებს ზელენსკი სააკაშვილის და პოროშენკოს მეგობრობის მაგალითს, სადაც დასასრული არც თუ კარგი იყო და საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობას არ დაიჭერს?!
ქართველი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სააკაშვილი ვლადიმირ ზელენსკისათვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, პირიქით, მისი მადლიერი უნდა იყოს. ერთადერთი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება ძველი კონფლიქტები გაიხსენოს, მაგალითად, არსენ ავაკოვთან, რომელიც ჯერ-ჯერობით კვლავ მთავრობის წევრად რჩება.
ვალერი ჩეჩელაშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში აცხადებს, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება არ არის გასაკვირი, რადგანაც ის სააკაშვილის მიმართ წინასაარჩევნოდ დადებით შეფასებებს აკეთებდა. ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ეს იყო სწორი და გონივრული გადაწყვეტილება.
ყოფილი ელჩის აზრით, სააკაშვილის რომელიმე ოფიციალურ თანამდებობაზე დანიშვნა მოსალოდნელი არ არის. ის უფრო კონსულტანტის, მრჩეველის ან უშიშროების საკითხებზე იქნება ორიენტირებული.
ჩეჩელაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ სააკაშვილის ყოფილი პოლიტიკური პარტიაც გაძლიერდეს და ზელენსკის პარტიასთან ერთად პარლამენტში შევიდეს და კოალიცური მთავრობა ჩამოყალიბდეს.
„3-4 დღეში ზელენსკის და სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ უფრო ნათელი გახდება მათ შორის რაა სახის თანამშრომლობა შედგება. სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობის დროს რა გამოცდილებაც დააგროვა, ის ამას უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაშივე დადებითად გამოიყენებს.
"საქართველოს მესამე პრეზიდენტს აქვს რეფორმების გატარების გამოცდილება და ასევე უკრაინის სისტემას შიგნიდან კარგად იცნობს, ეს კი ზელენსკის კარგად წააადგება და ამ მიმართულებით სააკაშვლს სათავისოდ გამოიყენებს.
"ზელენსკის გადაწყვეტილება მხოლოდ მისი პოლიტიკური დღის წესრიგიდან არის განპირობებული. მისთვის რომ მოქალაქეობა არ დაებრუნებინა, სააკაშვილი უკრაინას ნებისმიერ საერთაშორისო სასამარლოში მოუგებდა.
"ზელენსკი ხედავს, რომ სააკაშვილმა შეიძლება უკრაინის პოლიტიკურ პროცესში დადებით როლი შესრულოს. რაც შეეხება რა ურთიერთობა შეიძლება წარიმართოს ამის შემდეგ უკრაინასა და საქართველოს შორის, გეტყვით, რომ ამ ორ ქვეყანას გაცილებით უფრო მეტი ფუნდამენტალური ღირებულებები აკავშირებს, ვიდრე ზელენსკი და სააკაშვილი არიან.
"ამიტომაც, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდეთ. ზელენსკი ახლა შიდა პრობლემებით იმდენად არის დაკავებული, რომ ის საქართველოსთვის რაიმე გზავნილებზე არც ფიქრობდა",-აცხადებს საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში.
საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ზელენსკის სააკაშვილის დახმარება რეფორმების განხორციელებაში სხვადასხვა მიმართულებით დასჭირდება.
ჩიტაძე ამბობს, რომ პირველი, რასაც ზელენსკი გააკეთებს, სააკაშვილის გამოცდილებას კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გამოიყენებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ უკრაინაში კორუფციის პრობლემა ახლა ყველაზე მთავარი გამოწვევაა და ზელენსკის სწორედ პირველ ნაბიჯებს ამ მიმართულებით გადადგამს.
პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი სააკაშვილს მრჩევლის თანამდებობას შესთავაზებს და რადას არჩევნებამდე საკუთარი რეიტინგის შენარჩუნებას შეეცდება, რადგანაც მას ქმედით ნაბიჯების გადადგმა ახალი პარლამენტის არჩევამდე არ შეუძლია. ხოლო სააკაშვილს, როგორც უკრაინის მმართველების სისტემის კარგ მცოდნეს, რომელსაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე შიგნიდან ბევრი ინფორმაცია აქვს, ამ კუთხითაც მისი გამოცდილება გამოსადეგარი იქნება.
„ველოდები, რომ ზელენსკის სააკაშვილს მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნავს და პირველი რაშიც მისი დახმარება დასჭირდება, რეფორმების გატარება იქნება. ის კორუფციასთან ბრძოლას აქტიურად დაიწყებს.
"ასევე სააკაშვილი, როგორც უკრაინის შიდა პოლიტიკურ ამბებში გარკვეული პირი, ახალ და გამოუცდელ უკრაინის პრეზიდენტს შიდა ამბებში კარგად გაარკვევს და მის მეტოქესთან, პოროშენკოსთან ბრძოლას გაუადვილებს. შესაძლოა, სააკაშვილთან და მის პარტიასთან ერთად რადას არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და პარლამენტში, როგორც მოკავშირეები ისე შევიდნენ.
"თუმცა არც იმას გამოვირიცხავ, რომ ეს ზელენსკის მხრიდან კეთილი ჟესტი იყო და სააკაშვილს მოქალაქეობა როგორც სამართლიანმა პრეზიდენტმა დაუბრუნა. ხოლო პოროშენკოსთან სააკაშვილის ურთიერთობის გათვალისწინებით არც ის არის გამორიცხული, რომ ზელენსკიმ მისგან როგორც დიდი ამბიციების მქონე პოლიტიკოსისგან თავი შორსაც დაიჭიროს. დაველოდოთ მოვლენებს, ალბათ ეს ყველაფერი მალე გამოჩნდება", - აცხადებს ჩიტაძე „რეზონანსთან".
წყარო: resonancedaily.com
 
1466 /
30 მაისი 2019
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები