SIAXLEEBI.GE

სიახლეები.გე

loading...

საწვავის ფასი იზრდება

no-img

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ბოლო პერიოდში მუდმივად მაღლა მიცოცავს. ბოლო მონაცემებით, 1 ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება 71 დოლარს გადასცდა, რაც ბოლო 5 თვის მაქსიმუმია. ფასების მატებამ უკვე იქონია გავლენა ადგილობრივ ბაზარზე და საბითუმო ქსელში საწვავი 7-10 თეთრით გაძვირდა.

2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ტოტალური კლების შემდეგ, ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე კვლავ იზრდება. 54 დოლარამდე ჩამოსული "შავი ოქრო" ახლა უკვე 71 დოლარზე მეტი ღირს. ტენდენცია ნამდვილად არასახარბიელოა, მით უფრო, რომ უკვე დაიწყეს საუბარი საწვავის გაძვირებაზე.

კომპანია "სენტას" დამფუძნებელ ზაალ იაკობიძის თქმით, საბითუმო ბაზარზე ფასმა 7-10 თეთრის ფარგლებში მოიმატა.

"სხვადასხვა ტიპის საწვავი საბითუმო ქსელში უკვე გაძვირდა - 7-10 თეთრით. "ბრენტის" მარკის ნავთობზე ფასის ზრდა, რასაკვირველია, გავლენას "პლატცზეც" ახდენს. ამ მომენტში ზუსტად არ შემიძლია გითხრათ, რამდენით, მაგრამ მნიშვნელოვნადაა მომატებული "პლატცის" ფასიც. ზოგადად როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო ბაზარზე ამ ეტაპზე გაძვირების ტენდენცია ცალსახაა", - განუცხადა "რეზონანსს" იაკობიძემ.

იმას, რომ საწვავის გაძვირება ადგილობრივ ქსელშიც აისახება და ფასის მომატება უკვე დაწყებულიცაა, ადასურებს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე. ვანო მთვრალაშვილის თქმით, ფასის პროგნოზირება მხოლოდ უახლოეს პერიოდზე შეიძლება.

"ცხადია, ნედლი ნავთობის გაძვირება ზრდის ფასს საქართველოში იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზეც. მატების ტენდენციაა "პლატცზეც", რომლის ნიხრითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ. უნდა ითქვას, რომ ადგილობრივ საბითუმო ბაზარზეც გაძვირებაა, თუმცა - მცირედით. სამომავლო პროგნოზები თითქმის შეუძლებელია. იანვრის შემდეგ ფასის დინამიკა მზარდია, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ საბითუმო ქსელზე აისახა საქართველოში.

უნდა ითქვას, რომ ნავთობზე თითქმის არასდროს მართლდება გავრცელებული პროგნოზები და არც ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციების ანალიზი სრულდება. მიზეზი ის არის, რომ, ეკონომიკური და რეალური ფაქტორების გარდა, ნავთობის ფასს დიდწილად პოლიტიკური მდგენელები განსაზღვრავს.

ბოლო პერიოდშიც გაძვირების ძირითადი ფაქტორი ორი დიდი ნავთობმომპოვებელი ქვეყნის - ვენესუელისა და ირანის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებია. ყველასთვის კარგადაა ცნობილი ვენესუელაში მიმდინარე პროცესები და პოლიტიკური კრიზისი. ამერიკამ ყველანაირი გადარიცხვა აკრძალა, მათ შორის - გაზისა და ნავთობის სფეროში.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ოპეკ-ისა და "ოპეკი პლუსის" შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ბოლო კვარტალური ანგარიშით, კიდევ შემცირდა ნავთობის მოპოვება. ძირითადად ამ ფაქტორების გავლენითაა ნავთობის ფასი ბოლო სამი თვის მაქსიმუმზე", - აღნიშნა "რეზონანსთან" მთვრალაშვილმა.

სავარაუდოა, რომ მსოფლიო ბაზარზე გაძვირების ტენდენცია შენარჩუნდება. "ფინექს 1970"-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გზების ცვალებადობის შედეგად ფასი კიდევ მოიმატებს.

"ამერიკა პირდაპირ ყიდის ახლა თავის ნავთობს ჩინეთზე, პეკინი ოპეკ-ის წევრებისაგან აღარ ყიდულობს. ნავთობის ბაზარზე ახალი დიდი გადანაწილება მოხდა და "შავი ოქროს" ფასი, სავარაუდოდ, 72-დოლარიან ნიშნულს მიაღწევს, თუმცა ხანგრძლივად ვერ შენარჩუნდება. ჯერჯერობით არ იკვეთება, რომ ნედლი ნავთობი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება და 80 დოლარს გადასცდება. ფასის ვარდნისაგან განსხვავებით, ფასის მატება საერთაშორისო ბაზარზე სწრაფადვე აისახება ხოლმე საქართველოზეც", - აცხადებს შენგელია.

წყარო:resonancedaily.com

 

311 /

10 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 
loading...

კომენტარები

Загрузка...
Загрузка...
Загрузка...