SIAXLEEBI.GE

სიახლეები.გე

loading...

ივანიშვილი კვირიკაშვილს შეურიგდა

no-img

აშკარაა, რომ “ოცნების” მამამთავარი პარტიაში ძველი სახეების დაბრუნებაზე სერიოზულად მუშაობს. ახალი სახეების გამოხდომებმა ხალხს არც თუ კარგად დავიწყებული ძველები მოანატრა.
ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ “ოცნების” ცის კაბადონზე შესაძლოა, კიდევ ერთი ექსპრემიერის ვარსკვლავი აციმციმდეს. საუბარია გიორგი კვირიკაშვილზე, რომელიც მმართველი პარტიიდან და მთავრობიდან სკანდალებით წავიდა.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ უცხოელი ბიზნესმენების და სასულიერო პირების ჩართულობით ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი შერიგდნენ.
არადა, სულ ცოტა ხნის “ოცნების” კულუარებში საუბრობდნენ, რომ შესაძლოა კვირიკაშვილი დაეჭირათ. გავრცელებული ინფორმაციით, მან დიმიტრი ქუმსიშვილთან და ზურაბ ალავიძესთან ერთად ასეულობით მილიონი “მოტეხა” ბიუჯეტიდან.
ამ თანხებზე ქუმსიშვილი და ალავიძე პროკურატურაში უკვე იყვნენ გამოკითხვაზე. იგეგმებოდა კვირიკაშვილთან გასაუბრებაც. გაესაუბრნენ თუ არა ექსპრემიერს საგამოძიებო უწყებაში, უცნობია. მასთან დაკავშირებით მხოლოდ ის ვიცით, რომ რაღაც დრო მონასტერში გაატარა.
ჩვენი წყარო არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის და კვირიკაშვილის დაზავება მამუკა ხაზარაძის სკანდალებს უკავშირდებოდეს. ხაზარაძე აქტიურად იყო დაკავშირებული ექსპრემიერთან. მათი სახელები უკავშირდებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობას.
კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ მისი პოსტი ანაკლიის პორტმა შეიწირა, რომლის აშენებაც რუსეთს და ივანიშვილს არ სურდა.
ამ თემაზე სკანდალები მთავარ მეოცნებეს აღარ აწყობს. ხაზარაძემ მათ ისედაც ბევრი პრობლემა შეუქმნა. ამ მიმართულებით კვირიაკაშვილსაც შეუძლია სკანდალების აგორება.
მთავარ მეოცნებესთან პრემიერყოფილს მარტო ანაკლიის გამო არ გაფუჭებია საქმე. ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ გასული წლის ივნისში რუსთაველზე აქციებს ხაზარაძე და კვირიკაშვილი აფინანსებდნენ.
არადა იმ დროისთვის “ოცნება” პრეზიდენტის კანდიდატად კვირიკაშვილის დასახელებას აპირებდა. ვიღაცას ეს არ სურდა და მას არაფორმალურ მმართველთან ურთიერთობა დაუძაბეს.
სხვათა შორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კვირიკაშვილის და ივანიშვილის გზები გაიყო. მათ შორის უთანხმოება ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე მოხდა.
პრემიერყოფილი მაშინ არაფორმალური მმართველის ბანკში მუშაობდა და იქედან მოუწია წასვლა. მერე ყველაფერი დალაგდა. კვირიკაშვილი ივანიშვილმა ჯერ ეკონომიკის მინისტრად დასვა, მერე საგარეო უწყებაში გაუშვა, ბოლოს კი მთავრობა ჩააბარა.
ახლა მათ ისევ დაალაგეს ურთიერთობები, ვნახოთ, დაბრუნდება თუ არა ღარიბაშვილის მსგავსად კვირიკაშვილი პოლიტიკაში.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

 

1095 /

09 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 
loading...

კომენტარები

Загрузка...
Загрузка...
Загрузка...