SIAXLEEBI.GE

სიახლეები.გე

 
Loading...

როგორ უნდა ავღნიშნოთ ხარების დღესასწაული და რა ლოცვები უნდა წაიკითხოს მორწმუნე ადამიანმა?

როგორ უნდა ავღნიშნოთ ხარების დღესასწაული და რა ლოცვები უნდა წაიკითხოს მორწმუნე ადამიანმა?

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.

ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა. წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდ ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის... და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ".

ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოარჩია.

საეკლესიო სწავლების თანახმად, რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ადამიანთა დაცემისათვის, იმავე იარაღით იხსნა კაცობრიობა ქრისტემ - თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მოუტანა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუვლინა.

დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია.

ეს კი ხარების დღესასწაულზე სათქმელი ტროპარ-კონდაკია:

ტროპარი:

დღეს ცხოვრებისა ჩუენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულის იწოდების და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩვენცა ხმამაღლად უღაღადებთ: გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა.

კონდაკი:

ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ ღმრთისმშობელო ქალწულო შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაჲთა გიგალობდეთ შენ კურთხეულო, გიხაროდენ სძალოო უსძლოო.

ხარების დღესასწაულს განსაკუთრებულად ზეიმობს მართლმადიდებელი ეკლესია და მორწმუნეები. დღესასწაულს, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს, უკავშრდება, მორწმუნენი ეკლესიებში წირვაზე დასწრებით აღნიშნავენ.

როგორც სასულიერო პირები ამბობენ, ამ დღეს მორწმუნენი არა მხოლოდ ფიზიკურად უნდა იყვნენ ტაძარში, არამედ სულიერად და გონებრივად გაიაზრონ, თუ რა მოვლენასთან აქვთ საქმე.

ხარების დღესასწაული მძიმე მარხვას ემთხვევა. მაგრამ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით გახსნილების უფლება ეძლევათ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა: "ხარების დღესასწაულზე გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა. როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა".

სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა ახარა მარიამ ღვთისმშობელს, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა. ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.

პატარა ქალაქ ნაზარეთში მცხოვრებ ქალწულ მარიამს უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას გამოეცხადა უფლისგან გამოგზავნილი ანგელოზი გაბრიელი და უთხრა: "გიხაროდეს! მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის." მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: "ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული". მარიამი იოსებზე მხოლოდ დანიშნული იყო და გაიოცა: "როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?" ანგელოზმა მიუგო: "სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ" მაშინ მარიამმა თქვა: "აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ" და განეშორა მას ანგელოზი

 

1227 /

07 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...