საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ბაკალავრიატისა და სამაგისტრო პროგრამის ცვლილებას, შესაძლებელია, სახელმწიფოს მიერ უმაღლესი განათლებისთვის დადგენილი ვაუჩერული ფასის ზრდა მოჰყვეს. "რეზონანსის" ცნობით, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილება დიდწილად უმაღლეს სასწავლებლებზეა დამოკიდებული, რამდენად მალე შევა ძალაში საბაკალავრო სამწლიანი და სამაგისტრო ერთწლიანი სწავლება.
სამომავლოდ ბაკალავრიატის პროგრამა რამდენიმე მიმართულებაზე 4 წლიდან 3 წლამდე შემცირდება. დაგეგმილია მაგისტრატურაში სწავლების ხანგრძლივობის 1 წლამდე ან წელიწადნახევრამდე ჩამოყვანაც. შესაბამისი ცვლილება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში შედის.
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების საამმართველოს უფროს ნინო ბერელიძის განცხადებით, პირველ ეტაპზე სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის და ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის განხორციელების უფლებამოსილება იქნება შესაძლებელი საერთო პროგრამირების ფარგლებში.
"ევროპის თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაში სამწლიანი ბაკალავრიატი ჩვეულებრივი მიღებული და აპრობირებული მეთოდია. ისინი კი, ვინც არ არიან ჩართულნი, ეტაპობრივად გადადიან ამ სისტემაზე. ამ ყველაფრის წინაპირობა არის სავალდებულო 12-კლასიანი განათლება და პროგრამული აკრედიტაცია, რაც ჩვენ უკვე გვაქვს. წელს ეს ბრძანების პროექტი სამინისტროში განიხილება, რომელიც განხორციელების წესებს და პირობებს დაარეგულირებს. საგანმანათლებლო დაწესებულებებს კი ექნებათ საშუალება, დაამუშაონ ეს პროექტი და ჩვენთან წარადგინონ, ამიტომ ეს ყველაფერი საგანმანათლებლო დაწესებულებებზეა დამოკიდებული, თუ როდის იქნებიან მზად.
არსებობს კვლევაზე ორიენტირებული პროგრამები და პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამები, ამიტომ ძირითადად სამწლიანი პროგრამები იქნება პრაქტიკული განხრით. ერთობლივი პროგრამა შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერ სფეროში, თუმცა ყველაფერი მაინც უნივერსიტეტებზე იქნება დამოკიდებული. ამ წუთში სფეროები მაინც არ არის შეზღუდული და ეს სამომავლო თემაა.
რაც შეეხება დაფინანსებას, ეს დამოკიდებული იქნება დაფინანსების მოდელზე, რომლის მთლიან ცვლილებაზეც სამინისტრო მუშაობს. როგორ დაფინანსდება, როგორ დაითვლება და ა. შ. – ეს ყველაფერი არის შემდგომი საკითხები. ერთობლივ პროგრამებს აქვს თავისი გაწერილი ბიუჯეტი, რის ქვემოთაც არ განხორციელდება ეს პროგრამები. დღეს შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ გრანტის მოპოვება შეეძლება სტუდენტს დაფინანსების შეცვლის შემთხვევაშიც", - აღნიშნა ნინო ბერელიძემ "რეზონანსთან" საუბრისას.
უახლოეს პერიოდში განისაზღვრება იმ მიმართულებებისა და სფეროების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელი იქნება, 3 წელიწადში დადგეს ბაკალავრიატში სწავლის შედეგი და გაიცეს შესაბამისი კვალიფიკაციის დიპლომი. მოსახლეობას კი ყველაზე მეტად ის აღელვებს, ხომ არ შეიცვლება დაფინანსების მოცულობა. გამორიცხული არ არის, რომ 2250 ლარის მოცულობის სახელმწიფო გრანტის ზედა ზღვარი გაიზარდოს. ის შეიძლება არ ასცდეს 4 წელიწადში გადასახდელი თანხის ჯამურ მოცულობას, მაგრამ განაწილდეს 3 წელიწადზე. მაგალითად, თუკი ვაუჩერის მიუღებლობის შემთხვევაში სტუდენტს 4 წლის განმავლობაში უწევს 9000 ლარის გადახდა, მომავალში იმავე თანხას გადაიხდის, ოღონდ 3 წლის განმავლობაში. ამით ჯამურად გადასახდელი თანხის ოდენობა არ გაიზრდება, მაგრამ მოიმატებს 1 წელიწადში დასაფარი გადასახადის მოცულობა (დღევანდელი მოცულობით, იგი გაუტოლდება 3000 ლარს).
განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლეიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ცვლილება არ არის გონივრული გადაწყვეტილება, რადგან განათლების ხარისხი ისედაც დაბალია ჩვენს ქვეყანაში.
"სამი წელი ბაკალავრიატი და ერთი წელი მაგისტატურა რას ნიშნავს? ეს ყველაფერი ჯერ არ არის დადგენილი. როდესაც დაადგენენ და კონკრეტულ ფაკულტეტებს შეეხება, თანხები აუცილებლად გამოთავისულფდება. ეს არის არასერიოზული კანონპროექტი და ამით საქართველოში ხელისუფლება განათლებას აუქმებს.
ბოლო დროს გამოცხადებული რეფორმებით თუ ვიმსჯელებთ, სკოლა არის გაუქმებული. უმაღლეს სასწავლებლებში მაფიოზურ-კლანური სისტემით იქნება მისაღები გამოცდები. სკოლებში ნამდვილად აღარ არის სწავლა, გამოცდები მაგათ არა აქვთ და არაფერი. ასე რომ, სასკოლო 12-წლიანი სწავლება საბაკალავროს შემცირების წინაპირობა ვერანაირად ვერ იქნება. მე-11 და მე-12 ლასის ბავშვები საერთოდ არ დადიან სკოლაში და რომელ განათლებაზეა საუბარი", - აღნიშნა მანანა ნიკოლეიშვილმა "რეზონანსთან"
სამაგისტრო-საბაკალავრო პროგრამების ცვლილება სწავლის საფასურზე, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს. ეს უკვე იკითხება საჯარო მოხელეთა ირიბ განცხადებებში.
თეო გუდავაძე
გაზეთი "რეზონანსი"
 
1625 /
22 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები