საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი
ბოლო პერიოდში მართლმადიდებელი ეკლესიის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ზედაპირზე ამოატივტივა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს სასულიერო პირს უწოდებს და პრესაში ეკლესიის სახელით სხვადასხვა მოსაზრებებს გამოთქვამს, ხშირად სკანდალურსაც კი... თუმცა ბევრმა არ იცის, რომ უმეტესობა მათგანი საქართველოს საპატრიარქოს მიერ განკვეთილი, ან თვითმარქვია მოძღვარია.
„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ ცრუ სამღვდელოების არასრულ სიას და მათ საკმაოდ სკანდალურ ისტორიებს.
ერთ-ერთი პირველი თვითმარქვია „ეპისკოპოსი“ გახლავთ ბენედიქტე (ბეჯით) ჯალაღონია, რომლის სახელსაც საპატრიარქოს კარზე ისტორიული ავანტიურა უკავშირდება. მან ჯერ კიდევ 1968 წელს, მცხეთის სემინარიის სტუდენტობის დროს, აჯანყება მოუწყო პატრიარქ ეფრემ მეორეს და თავი გამოაცხადა მცხეთის ეპისკოპოსად. მაშინ პატრიარქმა ეფრემმა შეძლო აჯანყების ჩახშობა.
ბეჯით ჯალაღონიას ისტორიული ავანტიურის შესახებ საეკლესიო წრეებში ყველასთვის ცნობილია. ის და მისი მცირერიცხოვანი დაჯგუფება საპატრიარქო ტახტიდან ეფრემ მეორის ჩამოცილებას გეგმავდნენ, თუმცა შეთქმულება ვერ შედგა.
ე.წ. წმიდა მამების შესახებ ეკლესიის მსახურთა შორის იმთავითვე ცუდი ხმები დადიოდაო, მაგრამ სამღვდელოებისა და მისი ხელმძღვანელობის აღშფოთებამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, როცა მათ სვეტიცხოველში რელიგიური რიტუალის შესრულების დროს ატეხეს დებოში – წინააღმდეგობა გაუწიეს მღვდელმთავარს (იგულისხმება კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II). შემდეგ ისინი ქუთაისს ეწვივნენ და პეტრე-პავლეს ეკლესიაში შეეცადნენ, საცეცხლური წაერთმიათ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ ნაუმისთვის. ამ უპრეცედენტო შემთხვევის გამო ისინი განკვეთილ იქნენ ეკლესიიდან... საიდუმლო სერობა დიდხანს არ გაგრძელებულა, პირველმა მეორე, ხოლო მეორემ პირველი თვითნებურად აკურთხა მღვდელმსახურად. კერძოდ, ბეჯით ჯალაღონიამ მღვდელ-მონაზვნად აკურთხა ალექსანდრე ქათამაძე, ხოლო თავად ბეჯით ჯალაღონია „ეპისკოპოს ბენედიქტედ“ იქნა „კურთხეული“. ყველაფერი ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მათ დაეწყოთ „მღვდელმსახურების“ შესრულება, საიდანაც გარკვეულ შემოსავალს იღებენ. გაურკვეველი მოწმობით ჯალაღონია მოუნათლავ მიცვალებულებსაც კი „ნათლავს“.
1972 წლის 7 აპრილს, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II გარდაიცვალა, სიონის საპატრიარქო ტაძარში ხალხს დაურიგეს ძველ ქართულ ენაზე შედგენილი წერილი, რომელშიც ეწერა: „ეფრემი არა არს ღირსი სიონში დაფვლისა, რომელ ემორჩილა ეშმაკსა, აწ მსწრაფლ აღსდექით, მოითხოვეთ ბერი ბენედიქტე ჯალაღონია, რომელიც ვიხილე განგებითა ღვთისათა – იგი არს ჭეშმარიტი ივერიის პატრიარქი, კურთხეულიცა ქრისტეს ხელითა წარადგინეთ მოთხოვნა – ჟამი მცირე არს. ათცამეტსა მაისსა დღესასწაულსა ქრისტეს ამაღლებისა იქნების სინოდი. იმღვიძარეთ ივერიელნო, ნუ გეშინისთ“.
მაშინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა ურბნელი მიტროპოლიტი დავითი. ბეჯით ჯალაღონია კი „ჭეშმარიტი ივერიის“ პატრიარქობის მაძიებლად დარჩა.
ცოტა ხნის წინ ეპისკოპოსის შესამოსელში მოგვევლინა არაერთი სკანდალური განცხადების ავტორი ელიზბარ დიაკონიძეც, რომელმაც თავი, არც მეტი, არც ნაკლები, სკანდინავიის მიტროპოლიტად გამოაცხადა და საკუთარ თავს მელქისედეკი უწოდა. ამბობს, რომ ის არის საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი.
არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ელიზბარ დიაკონიძე რამდენჯერმე იყო შემჩნეული. მათ შორის პრესას არაერთხელ მისცა ინტერვიუ პატრიარქის გადადგომისა, თუ პენსიაზე გასვლის შესახებ, რასაც ბოლოს საპატრიარქოს საგანგებო განცხადებაც კი მოჰყვა.
„ზოგიერთი პიროვნება და სააგენტო რამდენიმე დღეა მასმედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას როგორც კათოლიკოს-პატრიარქთან დაკავშირებით, ისე წმიდა სინოდის სხდომის შესახებ. ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რაც ადრეც რამდენჯერმე განახორციელეს. განვმარტავთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი რიგითი სხდომა, რომელიც ყოველ წელს ორჯერ იმართება საქართველოს საპატრიარქოში“.
ბევრი თქვენგანისთვის, ალბათ, ცნობილია ინტერნეტგმირად ქცეული ე.წ. სალოსი ბერი თომა ბეთანელი, იგივე გურამ ბეთეშვილი. ის წარსულში არაერთხელ გახლდათ ნასამართლევი და არასდროს ყოფილა საქართველოს ეკლესიის წიაღში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ წვერის მოშვება და ანაფორის ჩაცმა გადაწყვიტა. თავი სალოს ბერად გამოაცხადა. საქართველოს ეკლესიის კანონით, სკუფიაზე (სამღვდელო ქუდზე) ჯვრის ტარების უფლება მხოლოდ პატრიარქს და ორიოდე მღვდელმთავარს აქვს, თუმცა, როგორც ჩანს, თვითმარქვია სალოსმა ეს უმაღლესი ჯილდოც „მიიღო“ და ხალხში ხშირად ასეთი სკუფიით ჩნდება. რუისისა და ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურებმა ამბიონიდან საკუთარ მრევლს არაერთხელ მიმართეს, რომ ყოველმხრივ მორიდებოდნენ გურამ ბეთეშვილს, რამეთუ იგი არ გახლავთ სასულიერო პირი.
დაახლოებით იგივე სიტუაციაა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მოღვაწე გაბრიელ გელოვანთან მიმართებაშიც. იგი თავს ასაღებს სასულიერო პირად და „მღვდელ-მონაზვნის“ სტატუსით ადგილობრივები ხშირად შეცდომაშიც შეჰყავს.
ცალკე მსჯელობის საგანია საქართველოს ეკლესიიდან განკვეთილი ქრისტეფორე წამალაიძე და მისი „სამღვდელოება“. 1995 წლის 5 აპრილიდან ეპისკოპოსი ქრისტეფორე განაგებდა ურბნისისა და რუისის ეპარქიას, სადაც მოხდა სერიოზული დაპირისპირება მრევლსა და მმართველ მღვდელმთავარს შორის. 1995 წლის 31 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ურბნისისა და რუისის სამღვდელოებისა და მრევლის საჩივარი და განაჩინა: „ეპისკოპოს ქრისტეფორეს მიეცეს უკანასკნელი გაფრთხილება, რათა მისი მოქმედებანი არ იყოს დამაბრკოლებელი მართლმადიდებელი მრევლისთვის, განთავისუფლდეს ურბნისისა და რუისის ეპარქიიდან და გადაყვანილ იქნას ბოლნისისა და დმანისის ეპარქიის მმართველად“. 1995 წლის 17 სექტემბერს წმინდა სინოდი კვლავ დაუბრუნდა ეპისკოპოს ქრისტეფორეს საკითხს და დაადგინა: „წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების სისტემატური დარღვევის გამო წმინდა სინოდის მიერ გამოცხადებული უკანასკნელი გაფრთხილების უგულებელყოფისთვის, ეპარქიის უნებართვოდ მიტოვებისთვის და საქართველოდან უცხოეთში თვითნებურად გამგზავრებისთვის ბოლნისისა და დმანისის ეპისკოპოსი ქრისტეფორე გამოყვანილ იქნა წმინდა სინოდის შემადგენლობიდან, ჩამოერთვა ეპარქიის მმართველობა და აეკრძალა მღვდელმოქმედება“. მოუნანიებლობის შემთხვევაში წმინდა სინოდი წამალაიძეს განკვეთით დაემუქრა. 2000 წლის 14 დეკემბერს წმინდა სინოდმა კიდევ ერთხელ განიხილა მღვდელმოქმედებააკრძალულ ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდისადმი და პასუხები სინოდის მიერ დანიშნული კომისიის თავმჯდომარის, აწ გარდაცვლილ მარგველ მიტროპოლიტ კონსტანტინეს მიერ მისთვის დასმულ კითხვებზე. ვინაიდან პასუხები შეუსაბამოდ და არადამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული, წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე) დარჩეს მღვდელმოქმედების აკრძალვაში და მიეცეს საბოლოო გაფრთხილება. საბოლოოდ მართლმადიდებელმა ეკლესიამ ქრისტეფორე წამალაიძე განკვეთილად გამოაცხადა, მიუხედავად ამისა, ყოფილმა ეპისკოპოსმა უკანონოდ განაგრძო მღვდელმსახურება. უფრო მეტიც, მან საკუთარი სამღვდელოებაც კი შექმნა და წამალაიძის დაჯგუფება უკვე არაერთ თვითმარქვია მღვდელმსახურს ითვლის.
სავარაუდოდ, სწორედ ქრისტეფორე წამალაიძის დაჯგუფებას წარმოადგენს „მიტროპოლიტი“ დანიელ კიკნაძე (იგივე რამაზ ჭელიძე), რომელმაც ცოტა ხნის წინ ამერიკაში ჩასვლა მოახერხა. ამერიკისა და კანადის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ (ინწკირველი) მართლმადიდებელი მრევლის მიმართ სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელა, სადაც საკუთარ სამწყემსოს ცრუ-მიტროპოლიტის გააქტიურების შესახებ ატყობინებს.
„საქართველოს სამოციქულო ეკლესიის, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ყველა სასულიერო პირსა და მრევლს მოგმართავთ თხოვნით: გაფრთხილდეთ, რათა არ ჩავარდეთ საცდურში! ჩვენს ეპარქიაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს აცხადებს ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ დანიელად. იგი იყო საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მღვდელმსახური. 1999 წლის 26 ოქტომბერს წმინდა სინოდის განჩინებით იგი განყენებულ იქნა ეკლესიიდან და დაყვანილ იქნა ერისკაცობამდე. ამონაწერი წმინდა სინოდის სხდომის ოქმიდან:
VIII. წმინდა სინოდმა მოისმინა ინფორმაცია აკრძალვაში მყოფი მღვდლის დავით კიკნაძის (იგივე რამაზ ჭელიძის) უკანონო ქმედებათა შესახებ, რომელიც მღვდელმსახურების აკრძალვის შემდეგაც აგრძელებს მღვდელმოქმედებასა და დაკავშირებულია განკვეთაში მყოფ სამღვდელოებასთან.
წმინდა სინოდმა დაადგინა: მღვდელი დავით კიკნაძე (იგივე რამაზ ჭელიძე) თანახმად საეკლესიო კანონებისა, სრულიად განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან და დაყვანილ იქნას ერისკაცობამდე“.
„ეკლესიას“, რომელსაც წარმოადგენს „მიტროპოლიტი დანიელი“, არ აქვს არანაირი რელიგიურ-ევქარისტიული კავშირი მსოფლიო საპატრიარქოს დიპტრიხში შემავალ ეკლესიებთან. ამიტომ მის მიერ შესრულებული ყოველი საეკლესიო საიდუმლო (ნათლობა, ჯვრისწერა და ა.შ) ცხადდება ბათილად. მის მიერ ნათელღებული ადამიანი საჭიროებს ხელახლა მონათვლას“.
ზუგდიდისა და კოლხეთის „ეპისკოპოსად“ ასაღებს თავს ანტიპო (აკაკი) სულუხია. იგი მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი არ გახლავთ და 2013 წლიდან საკუთარი ეკლესიის (ბელოკრინიცის ძველმართლმადიდებლური) სინოდისგანაც განკვეთეს, თუმცა მღვდელმსახურებას კვლავაც განაგრძნობს. ლოცულობს სლავურად და ქადაგებს მეგრულად.
ცრუ მსახურებას ეწევა ყოფილი დეკანოზი ნიკოლოზ მოდებაძეც, რომელიც სამღვდელო წოდებიდან განიკვეთა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 1998 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, სადაც ნათქვამია, რომ „ნიკოლოზ მოდებაძე მდაბალი, პატივმოყვარე მიზნების გამო განუდგა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, დაუკავშირდა რუსეთში არსებულ არაკანონიკურ დაჯგუფებას, ე.წ. „რუსეთის ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიას“ და თავი გამოაცხადა ეპისკოპოსად, რომ იგი საეკლესიო კანონების უხეში დარღვევისთვის, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული საქმიანობისთვის განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან“.
სინოდის მიერ ეკლესიიდან ჯერ კიდევ 1995 წელს განიკვეთა ყოფილი დეკანოზი ვასილ (ბასილ) მკალავიშვილიც, რომელიც განუდგა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და შეუერთდა საბერძნეთის ცრუ მიტროპოლიტ კვიპრიანეს ე.წ. „წინააღმდგომთა სინოდს“ (ერთ-ერთ ბერძნულ ცრუ სინოდს), რის გამოც იგი იმავე წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა და დაყვანილ იქნა ერისკაცის დონეზე, ისევე როგორც მასთან ერთად განდგომილი მღვდელი ვახტანგ მარგიანი. მკალავიშვილმა თავი გამოაცხადა არარსებული „გლდანის ეპარქიის“ მმართველად, რაც კანონიკური ნონსენსია. ეპარქიას მმართველი მხოლოდ მღვდელმთავარი შეიძლება იყოს. „წმ. სინოდმა განაჩინა: მსოფლიო საეკლესიო კრებათა ზემოჩამოთვლილი მუხლების უხეში დარღვევისთვის და საქართველოს ავტოკეფალიურ ეკლესიაში განხეთქილების შეტანის მცდელობისთვის, დეკანოზი ვასილ მკალავიშვილი სრულიად განიკვეთოს სასულიერო წოდებიდან, აღიხოცოს სამღვდელო დასიდან და დაყვანილ იქნეს საერო პირის მდგომარეობამდე. უკეთუ ამ მდგომარეობაშიც კვლავ გააგრძელებს ანტიეკლესიურ მოქმედებებს, გადაცემულ იქნება ანათემას და სრულიად განიკვეთება ქრისტიანობიდან“.
სატელევიზიო და ინტერნეტსივრცეში, ასევე, პოპულარობით სარგებლობს ე.წ. მეუფე ილარიონი, თუმცა, როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ფსიქიკური პრობლემების გამო ის ეპარქიას ჩამოაშორეს. იგი ცნობილია სტალინისადმი სიყვარულით. თანმხლებ ქალბატონთან ერთად, ხშირად სტალინის ხატითაც კი ჩნდება ხოლმე საზოგადოებაში. 1978 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ასეთი დადგენილება გამოიტანა: „ფსიქიკური ავადმყოფობის გამო ეპისკოპოსი ილარიონი მღვდელმთავრის ხარისხის შენარჩუნებით განთავისუფლებულ იქნას ბოდბის ეპარქიის მმართველობიდან და გამოყვანილ იქნას წმინდა სინოდის შემადგენლობიდან... წმინდა სინოდი თვლის, რომ მისთვის აუცილებელია მკურნალობა“.
მედიის სკანდალური მასალებით მოიხვეჭა სახელი თვითმარქვია ბერმა ლუკა (ლევან) კოკორაშვილმაც. მან საკუთარი პერსონით მედია ციხიდან გამოსვლის შემდეგ დააინტერესა, სადაც თაღლითობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. კოკორაშვილი ჟურნალისტებს აცნობს საბუთს, სადაც თითქოს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს ხელმოწერაა დატანილი და რითიც მეუფის მიერ ლევან კოკორაშვილს მღვდელ-მონაზვნად კურთხევა დასტურდება. მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული საბუთი, უბრალოდ, გაყალბებულია.
ეკლესიიდან განიკვეთა და ცრუ მღვდელმსახურებას ეწევა შიო ზედგენიძეც. ამონარიდი წმინდა სინოდის 2003 წლის 18 აგვისტოს განჩინებიდან: „წმინდა სინოდმა იმსჯელა მღვდელ შიო ზედგენიძის შესახებ. სამთავისისა და გორის ეპარქიის მღვდელი შიო ზედგინიძე, რომელმაც მიატოვა კანონიერი მეუღლე, შეირთო სხვა ქალი და შემდგომ თავი გამოაცხადა ეპისკოპოსად, სასულიერო პირის ყოვლად შეუფერებელი საქციელის გამო სრულიად განიკვეთა სამღვდელო ხარისხიდან“.
ცრუ სამღვდელოებას წარმოადგენენ ძმები აროშვილებიც. საუბარია ე.წ. ბოსტონის ბერძნული „სინოდის“ „სამღვდელოებაზე“, რომლის ცენტრიც ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონშია. ამ სქიზმას (ანუ საეკლესიო განხეთქილებას) საქართველოში მეთაურობენ ძმები აროშვილები. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ერისკაცი ძმები ზურაბ და გელა აროშვილები 1997 წელს განუდგნენ. მათ აქვთ რამდენიმე სამრევლო თბილისში, ქუთაისსა და გურიაში.
 
1355 /
19 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები