საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ავტომობილების ტექდათვალიერების პირობები მკაცრდება. ბოლო დროს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში თითქმის მუდმივად შედის ცვლილება, რისი მიზანიც ავტოპარკის განახლებაა. თუკი აქამდე ვიზუალურ ეფექტს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, ამიერიდან ეს პირობაც მკაცრად იქნება განსაზღვრული და ე.წ. "დაშპაკლული", მინარტყამი (ნაავარიევი) მანქანები ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განმეორებითი ინსპექტირებისას ავტოსატრანსპორტო საშუალება ვიზუალურადაც შემოწმდება. კერძოდ, საუბარია ავტომობილის ფარის, ბამპერის, საბურავის, საქარე მინის, გამონაბოლქვი აირების მოჭარბებული კვამლიანობის, ძარისა და ძარის სხვა ელემენტების გარეგნულ დათვალიერებაზე.
გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, ქ2 და ქ3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებში (სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები) დამატებით შემოწმდება ავარიული გასასვლელებიც.
ტექდათვალიერების პირობები მკაცრდება ტაქსებისთვისაც, რომლებსაც განმეორებითი პერიოდული ინსპექტირების გავლა წელიწადში ორჯერ მოუწევთ. აქამდე ეს ვალდებულება ერთწლიანი ვადით იყო განსაზღვრული.
რეგლამენტში შესული სიახლე, ასევე, შეეხო შემდეგ ვალდებულებებს: იდენტიფიკაციის მიზნით სატრანსპორტო საშუალების ფერის დადგენის ვალდებულებას; მესაკუთრის ვალდებულებას, სატრანსპორტო საშუალების ფერის შეცვლის შემთხვევაში მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს და მინების დამუქების ინსპექტირების ვალდებულებას.
ინსპექტირების წესში ცვლილება ელექტროძრავით აღჭურვილ ავტომობილებსაც შეეხება. მათ ინსპექტირებისთვის დადგენილი საფასური 20%-ით შეუმცირდებათ და ამ კატეგორიის მანქანების მფლობელებს მხოლოდ 48 ლარის გადახდა მოუწევთ.
ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანაშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ სხვა სახის ცვლილება ჯერჯერობით არ იგეგმება. როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, ცვლილება რეგლამენტში უსაფრთხოების მიზნით შევიდა, რაც ავტოპარკის განახლების თვალსაზრისითაც აუცილებელი იყო.
"ვერ ვიტყვი, რომ პირობები გამკაცრდა, პირიქით, ცვლილება შეიძლება მძღოლებისთვის გარკვეულ შეღავათად მივიჩნიოთ. განსაკუთრებით ეს ეხება საქარე მინებს, მცირე დაზიანებები შეიძლება არ იყოს ხარვეზის მიზეზი. სერიოზული ცვლილება არც რეგლამენტში შედის, თუმცა სამი ძირითადი მომენტია, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს: საქარე მინის დაზიანება, გვერდითი მინების შუქგამტარობა და ფერი, რაზეც ამჟამად აქცენტია.
რაც შეეხება ტაქსებს, მათი ინსპექტირების ვალდებულება იქნება წელიწადში ორჯერ, რაც, ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილებაა. ეს არის ძირითადად ამ ეტაპზე. ნაავარიევი თუ იქნება მანქანა, რა თქმა უნდა, არ გაატარებენ.
ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომ ავტოპარკის განახლება მოხდეს. ავტოპარკი მოძველებულია, რაც ქმნის პრობლემას უსაფრთხოების მხრივ. ეს არის პრევენცია, რამაც მდგომარეობა უნდა შეცვალოს. შეიძლება ითქვას, რომ ტექინსპექტირების პროცესთან დაკავშირებით რა მოლოდინიც იყო, მართლდება. შემოწმების შედეგად ყოველი მეორე ავტომობილი ხარვეზიანია, რისი ძირითადი მიზეზი ისაა, რომ მეპატრონეებს ავტომობილები მოუმზადებელ მდგომარეობაში მიჰყავთ შესამოწმებლად, განმეორებით ინსპექტირებას კი ავტომობილების უმეტესობა წარმატებით გადის," - ამბობს იორდანაშვილი.
მისივე თქმით, ამჟამად ტექინსპექტირების 41 კომპანია მუშაობს 140 ხაზით და ამ კუთხით პრობლემა არ არსებობს, რადგან ინფრასტრუქტურა მზადაა.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ტექდათვალიერების პროცესში ცვლილების შეტანა ჯერჯერობით აუცილებელი არ არის, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რაც კვლავ რჩება პრობლემად და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი ჯერაც გადაუჭრელი საკითხი გამონაბოლქვის საკითხია, რაზეც სპეციალისტებს ყველაზე მეტად აქვთ პრეტენზია.
"ტექდათვალიერების მთავარი პირობაა, რომ უსაფრთხოების მხრივ პრობლემა არ შეიქმნას, სტანდარტი უნდა დაკმაყოფილდეს. ვიზუალურ მხარესთან დაკავშირებით კი, რამდენადაც ვიცი, გარკვეული შეღავათიც მოქმედებდა. მაგალითისთვის, 5 მმ-იანი ბზარი დასაშვები იყო. ეს პირობა ძალაში რჩება, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ 5 მმ-იანი ბზარი შეიძლება გახდეს უფრო დიდიც და საბოლოოდ შექმნას ხილვადობის პრობლემა.
მივესალმები ისეთ ცვლილებას, რომელიც მძღოლებს ტვირთს შეუმსუბუქებს, მაგრამ მთავარი პირობაა, რომ უსაფრთხოების მხრივ პრობლემა არ შეიქმნას, სტანდარტი უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება ტაქსებს, წელიწადში ორჯერ შემოწმება ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მგზავრთა გადაყვანას ემსახურება. ცხადია, ტაქსი მეტ მანძილს გადის, ადამიანებს ემსახურება და მათი უსაფრთხოება კანონით უნდა იყოს დაცული.
მთლიანობაში, საკმაოდ ნორმალური პირობებია, არ მგონია, რომ კიდევ გამკაცრდეს, ჯერჯერობით ვერ ვხედავ ამის აუცილებლობას. სამუხრუჭე სისტემა და საბურავები გამართული უნდა იყოს და ამან მძღოლებში უკმაყოფილება არ უნდა გამოიწვიოს. ჩვენ პრეტენზია გვაქვს გამონაბოლქვზე, რომელიც კვლავ რჩება გამოწვევად. აუცილებელია, რომ მანქანის შიგაწვის სისტემა გამართონ, რათა მომავალში მეტი პრობლემა არ შეიქმნას," - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ლალიაშვილი.
რაც შეეხება ავტოპარკს, არსებული მონაცემით, საქართველოში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების 91% ათ წელზე უფრო მეტი ასაკისაა, 2008 წლამდეა წარმოებული. შს სამინისტროს ცნობით, ახალი - 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები არსებული ავტოპარკის 1.2%-ს შეადგენს.
2017 წლის მონაცემებით, ავტოპარკის 81.9% მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანებია. სამგზავრო ავტომანქანების წილი საქართველოს ავტოპარკში - 4.3%, ხოლო სატვირთოების - 8%.
წყარო: resonancedaily.com
 
1238 /
05 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები