სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდერე ლუკაშენკომ უამბო ჟურნალისტებს, რომ მზად იყო, მოსკოვის მაგალითზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა ეღიარებინა, თუმცა იძულებული გახდა, ამ აზრზე უარი ეთქვა მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ მსგავსი ნაბიჯი მისი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გამოიწვევდა, რუსეთის ხელმძღვანელობამ კი ზარალის ანაზღაურების გარანტია არ მისცა.
„მზად ვიყავი, საღამოს აფხაზეთის აღიარების შესახებ ბრძანებულებისთვის მომეწერა ხელი. ყოველ შემთხვევაში, ასე ვუთხარი რუსებს. კი ბატონო, მოდით! მაგრამ ხვალ რა გველის? ჰავიერ სოლანა – NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ჩამოვიდა ჩემთან, დიქტატორთან, საღამოს მეწვია, ხანგრძლივი საუბარი გვქონდა, კარგი. მან მითხრა: „თუ აფხაზეთს აღიარებთ, მაშინ: ა) საბანკო სისტემისგან გაგთიშავთ, ბ) სრულ იზოლაციაში მოგაქცევთ და.ა.შ“. ყველაფერი ღიად და გულახდილად "გადმომილაგა". საუბრის შემდეგ ჩავატარე შეხვედრა იმხანად პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან და სოლანას მუქარის შესახებ მოვახსენე, თუმცა მედვედევი ამ საუბრისთვის მზად არ აღმოჩნდა. იცით, რა მიპასუხა? – „ნუ, ალექსანდრე გრიგორის ძევ, მე პრეზიდენტი ვარ, აქ კი ეკონომიკური საკითხებია, რაც ჩემი კომპეტენცია არ არის. ეს ყველაფერი ვლადიმირ პუტინთან, პრემიერთან უნდა გადაწვიტოთო“. გავბრაზდი და ვუთხარი: „მისმინეთ, მეც პრეზიდენტი ვარ და თქვენც, თქვენ კითხვა დამისვით, მე გპასუხობთ. თუ თქვენ ამ საკითხს ვერ ჭრით და პრემიერთან მამისამართებთ, მაშინ თქვეთან რა მაქვს სასაუბრო? მაშინ ნუღარ მკიცხავთ იმის გამო, რომ ვიღაც სადღაც არ ვაღიარე“, – განაცხადა ლუკაშენკომ ადგილობრივი და უცხოური მედიისთვის დღეს გამართული ყოველწლიური შეხვედრის - "პრეზიდენტთან დიდი საუბრის" მსვლელობისას.
ცნობისთვის: 2009 წლის ივნისში ლუკაშენკო აცხადებდა, რომ აღიარების შემთხვევაში რუსეთი მას 500 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტს დაჰპირდა, თუმცა მან უარი განაცხადა.
„საქმე უკვე იქამდეც მივიდა, რომ ჩამოვიდნენ და მითხრეს: „იქნება სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი? – ე.ი. იქნება 500 მლნ დოლარიო“. ჩვენ არანაირი საკითხების და პოზიციის გაყიდვა არ გვსურს. ჩვენს ისტორიაში მსგავსი რამ არც ყოფილა და არც იქნება“, – აცხადებდა მაშინ ბელარუსის პრეზიდენტი.
2010 წელს კი მან უკვე რომელიღაც დასავლელი პოლიტიკოსის მხრიდან მუქარაზე დაიწყო საუბარი, თუმცა მაშინ მისი ვინაობის დაკონკრეტებისგან თავი "წინდახედულად" შეიკავა.
„თქვენს პრეზიდენტს შევხვდი სოჭში და ჩვენ ეს პრობლემა განვიხილეთ. მე მას ვუთხარი: „ასეთი იქნება შედეგები, ჩვენ ისინი გავთვალეთ, მზად ხართ, ჩემო ძვირფასო მეგობარო დიმიტრი ანატოლის ძევ, ეს შედეგები ჩვენთან ერთად გაინაწილოთ? მზად ხართ, თქვენი მხარი შეგვაშველოთ?“. მის პასუხს ვციტირებ: „ნუ, ალექსანდრე გრიგორის ძევ, მოდით, ნუ ვივაჭრებთ. ეს ერთი თემაა, ეს კი – მეორეო“. მე ვუპასუხე: „მადლობა. თემა ამოიწურა. თუ თქვენთვის ეს ერთი თემაა, ხოლო ის – მეორე, ამ საუბარს გაგრძელება აღარ აქვს“, – ასე აღწერდა მაშინ მოვლენებს ლუკაშენკო.
წყარო accentnews.ge
 
3164 /
02 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები