საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაქარაძე „რეზონანსთან აცხადებს, რომ გრიპის ვირუსით სოხუმში ერთი მოზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს მიაწოდეს.
„არაოფიციალური ინფორმაცია მაქვს, რომ აფხაზეთში H1N1 ვირუსით რამდენიმე ათეული ადამიანია დაავადებული და მათ შორს დღეს ერთი მოზარდი გარდაიცვალა სოხუმში. გარდაცვლილს ლაბორატორიულად დაუდასტურდა H1N1, თუმცა სოხუმში ე.წ. ოფიციალური წყარო გრიპის ვირუსით ბავშვის გარდაცვალებას არ ადასტურებს,"- ამბობს ბაქარაძე.
მისი თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ჩაკეტილი მიმოსვლა 5 თებერვალს აღადგინა და ენგურის ხიდი გახსნა, თუმცა, ხიდზე დგას სასწრაფოს მანქანა რენტგენის აპარატით, სადაც ზუგდიდიდან ოკუპირებულ მხარეს შესული ყველა ადამიანი მოწმდება, ხომ არ აქვს გრიპის ვირუსი.
„აფხაზეთში კარანტინი 10 იანვარს გამოცხადდა და ჩაიკეტა ადმინისტრაციული საზღვარი. ენგურის ხიდი 5 თებერვალს გაიხსნა, თუმცა ხიდზე დააყენეს მანქანა, მოძრავი ფლუროგრაფი, სადაც გალის ექიმები მუშაობენ და ყველა, ვინც ადმინისტრაციულ საზღვარს გადაკვეთს და შედის ოკუპირებულ აფხაზეთში, მან აუცილებლად უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, მას უკეთდება ფლუროგრაფიული კვლევა, მის ფილტვებს უსმენს ექიმი და თუ დარწმუნდება, რომ არანაირი პრობლემა არ აქვს და მისგან დაავადების შეტანის საშიშროება არ არის, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა აფხაზეთში შესვლის უფლება. ეს გრძელდება დღესაც,"- ამბობს ბაქარაძე.
ბაქარაძე ამბობს, რომ აფხაზეთში გრიპის თემა ძალიან აქტუალურია და ადგილობრივი მედიის მთავარი თემაა. დე ფაქტო ხელმძღვანელები მუდმივად იმას აცხადებენ, როგორ გადაარჩინეს მოსახლეობა ვირუსისგან იმით, რომ „მეზობელ ქვეყანასთან - საქართველოსთან საზღვარი ჩაკეტეს".
„მუდმივად საუბარია რამდენად საშიში ვირუსია და როგორ მძვინვარებს ის საქართველოში, მათ კი მოსახლეობა ამ ვირუსისგან გადაარჩინეს. ახლა, როცა დადასტურდა ვირუსის ცირკულირება, ისევ შემოიღებენ თუ არა კარანტინს, არ ვიცი, ყველაფერი მოსალოდნელია, მით უფრო, რომ ახლა აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზეც, რომ წითელას ვირუსი მძვინვარებს საქართველოში. ისინი ყველანაირ მიზეზს ჩაეჭიდებიან, რომ გალის მოსახლეობას მიმოსვლა შეუზღუდონ,"- აცხადებს ბაქარაძე.
აფხაზური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ 1-ლი იანვრიდან 13 თებერვლამდე „რესპუბლიკაში" ე.წ. ღორის გრიპით დაავადების 49 შემთხვევა დაფიქსირდა.
აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმი ლუდმილა სკორიკი ამბობს, რომ „გრიპით დაავადებულები ბავშვები და მოზარდები არიან, თუმცა უფრო ბავშვები ჭარბობენ".
მისივე თქმით, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ე.წ. ღორის გრიპით დაავადების შემთხვევები იზრდება და მოსახლეობას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
„ჩვენი მოსახლეობა სანიტარული თვალსაზრისით განათლებული რომ ყოფილიყო, ვაქცინაცია რომ დროულად ჩაეტარებინათ, ამ დაავადებას საერთოდ არ ექნებოდა ადგილი", - განაცხადა სკორიკმა.
აფხაზეთისაგან განსხვავებით დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლა 11 იანვრიდან დღემდე ისევ ჩაკეტილია აქვს ცხინვალის რეჟიმს. გარდა ამისა, ე.წ. ხელისუფლებამ ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში კარანტინი გამოაცხადა და 20 თებერვლამდე სწავლება ყველგან შეწყდა „ღორის გრიპის" ვირუსის გავრცელების გამო.
ცხინვალის მთავარი სანიტარული ექიმი მარინა კოჩიევა აცხადებს, გრიპის ვირუსით 0-დან 14 წლამდე ბავშვების 77%-ია დაავადებული, სკოლებში მოსწავლეების 20% ვირუსის გამო არ დადიოდა და ამიტომაც გადაწყდა კარანტინის გამოცხადება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.
„მოზარდებში არის პნევმონიის შემთხვევები და ექიმებს უმეტესად გართულებული შემთხვევებისას მიმართავენ, ამიტომ მკურნალობა გართულებულია,"- აცხადებს კოჩიევა.
მან მიმართა მშობლებს, რომ დაავადებული ბავშვები სკოლაში არ გაუშვან, ასევე მიმართა პედაგოგებს, რომ ვისაც ვირუსი აქვს, სამსახურში არ გამოცხადნენ, რათა სხვებს არ გადადონ ვირუსი.
კოჩიევა აცხადებს, რომ ბევრად რთულადაა სიტუაცია მეზობელ ჩრდილოეთ ოსეთში და „მეზობელ საქართველოში" და ცხინვალში გართულებები თავიდან აიცილეს იმის გამო, რომ საქართველოსთან „საზღვარი ჩაკეტეს".
„სიტუაცია არ გამწვავდა იმის გამო, რომ საზღვარი (საქართველოსთან) დაიხურა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენი მოსახლეობა ძალიან აქტიურად სტუმრობს ჩრდილოეთ ოსეთს და ინფექცია შესაძლოა ვლადიკავკაზიდან შემოვიდეს, -"განაცხადა მან.
მისი თქმით, ზოგადად „რესპუბლიკაში" სიტუაცია საშინელი და კრიტიკული არ არის. ადგილობრივი მედია წერს, რომ სამხრეთ ოსეთში გრიპის ვირუსის შემთხვევები სერიოზულ შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს. იანვარში შემთხვევების რაოდენობა კი გაიზარდა, თუმცა ეს პროგნოზირებული იყო.
ამასთან, ვრცელდება საავადმყოფოში ბოლო სამი დღის მიმართვიანობის მონაცემეი და ნათქვამია, რომ ორშაბათს საბავშო პოლიკლინიკას მიმართა 75-მა ბავშვმა, სამშაბათს- ერთით ნაკლებმა, ოთხშაბათს კი - 45-მა ბავშვმა.
წყარო რეზონანსი
 
2048 /
13 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები