საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ლიეჟში მასთან შესახვედრად მთელი მსოფლიოდან 800 ადამიანი ჩავიდა.
„მე თვითონაც გაოგნებული ვიყავი, იმდენი ხალხი ჩამოვიდა ლიეჟში. ახლა მეცინება, რომ ამბობენ, ვაიმე, დარბაზში შეუვსებელი ადგილები იყო. ვაი, მართლა თქვე საცოდავებო. 800 კაცი ჩამოვიდა თავისი ფულით მთელი მსოფლიოდან და შეიკრიბა ერთად. მინდა, ამ ხალხს ბოდიში მოვუხადო, რომ დისკუსია ვერ შედგა იმ უმსგავსობის გამო, რაც ჩაიდინა ივანიშვილმა. მან ევროპის ცენტრში გააკეთა ის, რაც არ მოსვლია თავში არც პუტინს, არც იანუკოვიჩს, არც სხვა დიქტატორებს – არ გამოუგზავნიათ ტიტუშკები, მოჭიდავეები, ხულიგნები, ჩამშლელები, ამრევები ხალხის დასატერორებლად. სპეცსამსახურების ოფიცრები ოფიციალურად იყვნენ ჩამოსულები ბელგიაში საჯაშუშოდ“, – აღნიშნა სააკაშვილმა ფეისბუქლაივის დროს.
მისივე თქმით, შემდეგი შეხვედრა იტალიაში 3 მარტს გაიმართება.
„ივანიშვილი იძახდა, დაგაჩმორებთ, უცხოეთში ყველგან მოგწვდებით. არ გამოუვა, რადგან იტალიაში 3 მარტს ვაპირებთ ძალიან მაგარ შეკრებას. იქ უკვე განსაკუთრებულ ზომებს მივიღებთ. ნახეთ, რა ხალხი მოიყვანეს ლიეჟში, რას ჰგავდნენ. მწვადები დაურიგეს, მერე ეს მწვადები დაყარეს იმ კონგრესის ჰოლში, მერე პლაკატები დახიეს, უკაცრავად და ქალთა საპირფარეშოში ჩასაფრებული იყო რამდენიმე ჯეელი მოჭიდავე, იქიდან გამოვარდებოდნენ და ესხმოდნენ თავს ქართლოსს, ჩემს პაროდისტს. ივანიშვილის ეს გორილების ან მოჭიდავეები, ბრტყელთავიანები და ბრტყელყურებიანი სიმახინჯეები ნამდვილად ვერ შეგვიშლიან ხელს ხელს“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ამჯერად იტალიაში ბარდაგს ვერავინ მოაწყობს“.
„აბა, ახლა დარაზმეთ თქვენი ქალები, 500 ევროებს რომ ურიგებდით და გამოაგზავნეთ კიდევ სუს-ის მოჭიდავეები იტალიაში. ჩვენ მოვუვლით მაგ ხალხს სათანადოდ. წინასწარ სულ ბელტ-ბელტ ჩავაბარებთ იტალიის პოლიციას ხელბორკილდადებულს ყველას, ვინც შეეცდება, მშვიდობიან მოქალაქეებს პრობლემები შეუქმნას. საქართველოშიც აღვკვეთავთ თქვენს ბარდაგსა და თარეშს გესმის ბორია?! ავადმყოფო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კომენტარები