სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას ლელა ქსოვრელს, 24 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 4 წლის ბავშვი 22 იანვარს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს. ქალს არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.
ქსოვრელს სახელმწიფომ სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა და ახლა მის ინტერესებს ნინო ტაბატაძე იცავს. ადვოკატი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, რომ დედის განმარტებით, 4 წლის ნინო ზალინაშვილი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე იყო და აგრესიულად იქცეოდა, რის გამოც საკუთარ თავს დაზიანებებს თავად აყენებდა.
გთავაზობთ ამონარიდებს "სარკეში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:
- ქალბატონო ნინო, რატომ გამოიწერა 6 იანვარს ლელა ქსოვრელის სახელზე შემაკავებელი ორდენი ბავშვის ცემის გამო?
- საკითხავია, რამდენად კანონიერად გამოიწერა 6 იანვარს შემაკავებელი ორდერი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს და საქმეშიც მოიპოვება არაერთი მოწმის ჩვენება, რომ ის არ ძალადობდა ბავშვზე. ეს ოჯახი სოციალურად დაუცველია, არ აქვთ არანაირი შემოსავალი. ბავშვი იყო აუტისტური სპექტრის და წყლის ეშინოდა. საჭმელს თუ განავალს, ყველაფერს თავზე ისვამდა და დედა იძულებული იყო, ხშირ-ხშირად დაებანა. ჭიქითაც რომ მიეტანათ წყალი, ბავშვი ისტერიკულ კივილს ტეხდა და სწორედ ამ კივილის გამო შეწუხდნენ მეზობლები. არ არსებობს თვითმხილველი, რომელმაც მშობლის ძალადობა დაინახა.
- რისგან მიიღო დაზიანებები 6 იანვარს? ჯერ კიდევ ცოცხალი ბავშვის ფოტო, სადაც მას უამრავი დაზიანება აქვს, მთელმა ქვეყანამ ნახა...
- 6 იანვარს აბანავებდა. ტაშტში ჰყავდა ჩასმული და ხელიდან გაუსხლტა. დედა ამბობს, რომ ბავშვს ხარივით ძალა ჰქონდა. ხელს ვუჭერდი, რომ როგორმე დამეკავებინა და ტანზე დალურჯებები ალბათ ამის გამო აქვსო. ხელიდან რომ გამისხლტა, პლასტმასის ტაშტი გადატყდა, ზედ წაიქცაო. დაბანის დროს კედელსაც ეხლებოდა. მერე წაიქცა და სახეზე დაზიანებები მაშინ მიიღოო.
ბავშვი ვერ მეტყველებდა, ვერ ყლაპავდა, რაქიტული იყო და ხშირად ეცემოდა. დედა ცდილობდა, მასაჟები გაეკეთებინა მისთვის, რომ ხშირად არ დაცემულიყო. უნდოდა საბავშვო ბაღში ეტარებინა. მასაჟებისთვის დაფინანსება მოითხოვა მერიისგან და ეს დევს საქმეში.
- ორდერის დარღვევას ედავება გამოძიება ლელა ქსოვრელს?…
- დიახ და ორდერს გასაჩივრების ვადა ჰქონდა, მაგრამ ამ ქალს დაბალი სამართლებრივი განათლება აქვს და არც მოუკითხავთ ეს ამბავი. შემაკავებელი ორდერი რომ გამოწერეს, იქ შემოხაზულია, რომ მოძალადეს მსხვერპლთან მიახლოება და რაიმე სახის კომუნიკაცია ეკრძალება. იქ წერია ასევე, რომ მსხვერპლი უნდა განრიდებულიყო მოძალადისაგან. ეს ბავშვი კი მისგან არავის გაუყვანია. პატრულმა ბავშვი იაშვილის კლინიკაში დატოვა.
ორი დღის მერე იაშვილის კლინიკა მშობლებს ეძახდა, გინდათ თუ არა, ბავშვი გაიყვანეთ აქედან და თან დავალიანება, 650 ლარი გადაიხადეთო. ეს ოჯახი ამ თანხის გადამხდელი, რა თქმა უნდა, არ იყო. რაღაც კალკულაციით ჩამოუყარეს 86 ლარზე და დღემდე აქვთ ის დავალიანება - ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომ ის დავალიანება ეკისრება ოჯახს.
 
2389 /
30 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები