SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

მოულოდნელი ინფორმაცია უდიდესი სიხარული თურმე დიდი ტყუილი ყოფილა ევროკავშირის საჩუქარი არ დასტურდება არანაირი 3,4 მილიარდი ევრო არ გამოყ

მოულოდნელი ინფორმაცია უდიდესი სიხარული თურმე დიდი ტყუილი ყოფილა ევროკავშირის საჩუქარი არ დასტურდება არანაირი 3,4 მილიარდი ევრო არ გამოყ

„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე. თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ევროკავშირს საქართველოსთვის აღნიშნული ფინანსური სახსრები არ გამოუყვია. არადა, პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს ამ თანხის გამოყოფისთვის იმავე ბრიფინგზე მადლობაც გადაუხადა.

საქართველოს პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ „აღნიშნული თანხა მოხმარდება რამდენიმე ათეულ ინფრასტრუქტურულ პროექტს“.

ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც თითქოს ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 3,4 მილიარდი ევროთი უნდა დაფინანსდეს, მთავრობამ და „ქართულმა ოცნებამაც“ გამოაქვეყნეს თავიანთ ოფიციალურ ფეისბუქგვერდებზე. ამ პროექტების ჩამონათვალშია „ბათუმის გზაგამტარი – 115 მლნ ევრო“.

„ბათუმელები“ სწორედ იმის გარკვევას შეეცადა, თუ რომელ გზაგამტარზეა საუბარი, ვინაიდან ბათუმის შემოვლით გზას უკვე აშენებენ [მახინჯაურის გვირაბიდან მდინარე ჭოროხამდე] და მას ევროკავშირი არ აფინანსებს, ხოლო მდინარე ჭოროხიდან სარფამდე ახალი გზის მშენებლობის დეტალური პროექტი ჯერ არ არის, თუმცა ამ მონაკვეთსაც სულ სხვა დონორი ჰყავს.

 

ის, რომ ბათუმის შემოვლითი და ჭოროხი-სარფის გზებს ევროკავშირი არ აფინანსებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტშიც დაგვიდასტურეს.

დეპარტამენტში ვერაფერი გვითხრეს თითქოსდა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 115 მილიონი ევროს შესახებ: „ჩვენთან რაც ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, ეს არის პროექტები: „სამტრედია-გრიგოლეთი“, „გრიგოლეთი- ქობულეთი“ და რიკოთის მესამე მონაკვეთი.  ეს ზუსტად ვიცით. ბათუმის შემოვლითი გზა აზიის განვითარების ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით შენდება, ხოლო ჭოროხი-სარფის მონაკვეთში გზას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. ჭოროხი-სარფის მონაკვეთის დეტალური პროექტირება ჯერ არ დაწყებულა“.

მაშინ, რაზე დაყრდნობით განაცხადა მამუკა ბახტაძემ ევროკავშირის მიერ 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფაზე? – 2019 წლის 15 იანვარს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა, რომელსაც ახლავს რუკები, მათ შორის საქართველოს რუკაც, რომელზეც დატანილია მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია და ამ პროექტების სავარაუდო ღირებულება.


პრიორიტეტული პროექტები საქართველოში / წყარო: ინდიკატური ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) თანაინვესტირების სამოქმედო გეგმა

პროექტები ემთხვევა იმ პროექტების ჩამონათვალს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა და რომლებიც, მთავრობის ინფორმაციით, ევროკავშირისგან გამოყოფილი 3,4 მილიარდი ევროთი უნდა დაფინანსდეს, რაც არ არის სწორი.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე მითითებულია პროექტები, რომლებიც უკვე მიმდინარეობს საქართველოში ან დაგეგმილია, თანაც ყველა პროექტზე მითითებულია სავარაუდო ღირებულება და ის, თუ ვინ აფინანსებს ამა თუ იმ პროექტს. ანუ, ეს მხოლოდ საინვესტიციო გეგმაა [სხვადასხვა ინვესტორის მითითებით] და არა ის დოკუმენტი, რომ ევროკავშირმა აღნიშნული პროექტები უშუალოდ და მთლიანად დააფინანსა.

რუკაზე გარკვევითაა მითითებული ბათუმის ასაქცევი-სარფის [თურქეთის საზღვარი] გზის მონაკვეთი და იქვე მითითებულია, რომ ეს პროექტი, რომელიც, სავარაუდოდ, 115 მილიონი ევრო ღირს, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.

რატომ გაავრცელა მთავრობამ ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა საქართველოს 3,4 მილიარდი ევრო გამოუყო? – ამ კითხვაზე პასუხის მიღება პრემიერის პრესსამსახურში ვცადეთ, თუმცა ვერ დავუკავშირდით. კითხვით მივმართეთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაც, თუმცა პასუხი ამ დრომდე ვერც სამინისტროსგან მივიღეთ.

ამავე დროს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში თავის ოფიციალურ გვერდზეც გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც არაფერია ნათქვამი საქართველოსთვის თანხის გამოყოფაზე.

„პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ (EaP) წევრ ქვეყნებში სატრანსპორტო კავშირების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულის მიზნით ევროკომისიამ და მსოფლიო ბანკმა შეიმუშავეს ინდიკატური ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) თანაინვესტირების სამოქმედო გეგმა, რომელიც განკუთვნილია სომხეთისთვის, საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის, ბელორუსისთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის…“ – აღნიშნულია ამ ინფორმაციაში, სადაც მოყვანილია ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განმარტებაც, რომ ეს „გეგმა დაეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს სტრატეგიული ინვესტიციების პრიორიტეტების განსაზღვრაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართებაში, რომელიც მიზნად ისახავს ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის დასრულებას“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, სადაც გვითხრეს, რომ ევროკავშირის ელჩი ამჟამად ბრიუსელშია და აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

 

3014 /

25 იანვარი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები