SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სასიხარულო ინფორმაცია მთელი საქართველოსთვის

სასიხარულო ინფორმაცია მთელი საქართველოსთვის

უცხო ქვეყნის მოქალაქეები სასოფლო-სამეურნეო მიწებზე საკუთრების უფლებას ქორწინებითაც ვეღარ მიიღებენ. მიწის გასხვისებისა და საკუთრების უფლების მოპოვების საკითხებს კანონი გაზაფხულიდან დაარეგულირებს. ხელისუფლებამ აქამდე არსებული პოზიცია შეცვალა და მიწის საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობას უკიდურესად ამკაცრებს. ამიერიდან მიწის რესურსი უფრო დაცული იქნება და სახელმწიფოც მეტი სიფრთხილით მოეკიდება საკითხს.

აყურადღებას განსაკუთრებით კანონმდებლობის ის ნაწილი იპყრობს, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ ექნება შესაძლებლობა, დაიკანონოს მიწა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის საქართველოს მოქალაქეზე კანონიერ ქორწინებაში იმყოფება.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას განცხადებით, არსებობს ფიქტიური ქორწინებების სერიოზული საფრთხე და არ ღირს ამ რისკის გაწევა.

კანონპროექტის თანახმად, მიწა შეიძლება გადავიდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში, თუ ის ადგილზე სტრატეგიული და რეგიონული მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელებას გეგმავს. ამ შემთხვევაში გამონაკლისის დაშვებისათვის საჭირო იქნება მთავრობის გადაწყვეტილება.

კანონპროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურმა პირებმა საკუთრებაში მხოლოდ მემკვიდრეობით შეიძლება, მიიღონ. იურიდიული პირის შემთხვევაში სასოფლო მიწის ფლობის უფლებას კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ წილის 50%-ზე მეტს საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები) ფლობს.

იურისტი ბადრი ზარდიაშვილი ხელისუფლების გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ იურიდიული პირებისათვის ქართული მიწის ყიდვის შემთხვევის გამონაკლისიც კი არ უნდა დაუშვან.

"ახალ კანონში ერთ-ერთი ძალიან კარგი ცვლილებაა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქორწინებით მიწის დასაკუთრების შესაძლებლობა არ ექნებათ. ჩვენ ამისათვის ბევრი ვიბრძოლეთ. როგორც იქნა, ხელისუფლება გონს მოეგო. თვალი გადავავლოთ, გარშემო სულ უდაბნოა, მალე არაფერი დაგვრჩება გასაყიდი, ძალიან მძიმე ვითარებაა.

ჩემი აზრით, იურიდიული პირები საერთოდ არ უნდა ფლობდნენ მიწას. მსხვილ ინვესტირებას რაც შეეხება, არასასოფლო დანიშნულების მიწებს უნდა შეეხოს. მსხვილი კაპიტალდაბანდება სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ვერ გაკეთდება, ეს წარმოუდგენელია.

ის, რომ ამიერიდან მიწას უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ შეიძენს, არანაირად არ გააუარესებს აგრარულ სექტორში არსებულ ვითარებას. პირიქით, ეს ხელს შეუწყობს, რომ მიწის რესურსი საქართველოს მოქალაქეების ხელში დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ სოფლის მეურნეობას, როგორც დარგს, დავკარგავთ. ამასთან დაკავშირებით არაერთი შრომა გვაქვს გამოქვეყნებული. თანაც საშინელი დემოგრაფიული ვითარებაა ყველგან. ფრთხილად თუ არ ვიქნებით, უცხო ეროვნების ადამიანები უკვე სამოსახლოდაც ჩამოვლენ და ჩვენ მიწების დიდ ნაწილს დავკარგავთ", - ამბობს "რეზონანსთან" ზარდიაშვილი.

საკანონმდებლო ცვლილება მოსწონს პროფესორ ჯუმბერ ფანჩულიძეს, თუმცა მიაჩნია, რომ კანონის მიღების შემდეგ ნომერი პირველი ამოცანა მიწის მართვის დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა უნდა გახდეს.

"მაქსიმალურად იზღუდება მიწის გასხვისება უცხო ქვეყნის მოალაქეებზე და ასეც უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით, კანონი უდავოდ მოსაწონია. თეთრიწყაროს რაიონსა და თბილისთან ახლომდებარე სოფლებში მასობრივად ხდებოდა მიწების გასხვისება და ეს მავნებლური ტენდენცია წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ძალიან კარგი იქნება, თუ უკიდურესად გამკაცრდება მიდგომა და მიწების გაყიდვა სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე აიკრძალება.

ქართულ მიწას სხვანაირად ვერ დავიცავთ, ამიტომ აუცილებელია კოდექსი, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს. მიწის მესაკუთრე შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირი და საქართველოს მოქალაქე. უცხოელი ფიზიკური პირი ან საქართველოს არარეზიდენტი იურიდიული პირი მიწის მესაკუთრე შეიძლება იყოს მხოლოდ გამონაკლის და განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუკი მისი საკუთრების უფლება არ ლახავს ეროვნულ ინტერესებს და არსებით საზოგადო სარგებელს მოიტანს.

კანონის მიღების შემდეგ დღის წესრიგში უნდა დადგეს მიწის მართვის ორგანოს შექმნის საკითხიც. საუბარია, რომ შესაძლოა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნას, მაგრამ არასწორი მიდგომაა. მსგავსი უწყება თუ იარსებებს, ის აუცილებლად დამოუკიდებელი ორგანო უნდა გახდეს, როგორც წლების წინ იყო", - მიაჩნია ფანჩულიძეს.

თუმცა არის საპირისპირო მოსაზრებაც. სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტი მათე გარდავა ფიქრობს, რომ სრულად მიწის გასხვისება არ უნდა აიკრძალოს, მაგრამ ბიუროკრატიული შეზღუდვები აუცილებელია. "არ მაქვს პრობლემა, საქართველოში მიწას თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს. გარკვეული ბიუროკრატიული შეზღუდვები უნდა არსებობდეს, მაგრამ სრულად მიწის გასხვისებას ვერ ავკრძალავთ, ზედმეტად მკაცრი მიდგომაა. ამით სოფლის მეურნეობას არაფერი შეემატება. ჩვენ ვხედავთ, რომ მდგომარეობა მუდმივად მძიმდება. ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია და პროექტების უმეტესობა - წარუმატებელი", - ამბობს "რეზონანსთან" გარდავა.

უცხოელებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით მორატორიუმი 2017 წლის დეკემბერში გამოცხადდა, გასული წლის დეკემბრიდან კი ახალი კონსტიტუციით, უცხოელებზე მიწის გაყიდვა შეიზღუდა. ამ ეტაპზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების სარგებლობაში საერთო ჯამში 50 ათას ჰექტრამდე მიწის ნაკვეთია.

 

4140 /

24 იანვარი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები