მეცნიერება
11 იანვარი 2025
სიახლეები:
რამდენიმე წლის წინ, 2016 წლის შემოდგომაზე, დმანისის მუნიციპალიტეტში, ბაშპლემის ტბასთან მეთევზეებმა ქვის პატარა ფირფიტა იპოვეს, რომელზეც ათეულობით უცნაური სიმბოლო იყო ამოტვიფრული.
ახლახან, ქართველ მეცნიერთა ჯგუფმა დაადასტურა, რომ წარწერები წარმოადგენს დამწერლობის ნიმუშს, რომელიც აქამდე არასოდეს ყოფილა დოკუმენტირებული. ეს კი აჩენს კითხვებს ჩვენს რეგიონში დამწერლობის სისტემის გავრცელებისა და შენარჩუნების შესახებ.
ბაზალტის ფირფიტა დაახლოებით iPad-ის ზომისაა და ზედ ამოტვიფრულია 39 სხვადასხვა სიმბოლო ჯამში 60 წარწერით, რომლებიც შვიდ ხაზზეა განლაგებული.
სიმბოლოების გასაკეთებლად, უძველეს ხელოსნებს მოწინავე მეთოდები აქვთ გამოყენებული, მათ შორის, კონუსური ბურღი, რომლითაც სიმბოლოების საწყისი მონაკვეთებია შექმნილი. ამის შემდეგ კი ნიშნების გასასწორებლად გამოყენებული აქვთ მრგვალთავიანი ხელსაწყოები. ბაზალტის სიმტკიცე და ნიშნების სიზუსტე მიუთითებს ხელოსნების უნარების მაღალ დონესა და ამოტვიფვრის დახვეწილ მეთოდებზე.
უცნობია, ვინ ან რატომ ამოტვიფრა ეს სიმბოლოები. შესაძლოა, ისინი სამხედრო კამპანიის ნადავლს აღწერდეს. არაა გამორიცხული, მშენებლობის დეტალები იყოს ან სულაც ძღვენს ღმერთებისადმი.
ოპტიკური და ელექტრონული მიკროსკოპით ჩატარებული კვლევები, მიმდებარე გარემოს აეროშესწავლა და არქეოლოგიური ჩანაწერები მიუთითებს, რომ ფილა მიმდებარე ბაზალტებიდანაა აღებული, სავარაუდოდ გვიანდელ ბრინჯაოს ან ადრეულ რკინის ხანაში, ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში.
დმანისის რეგიონი განთქმულია მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენით, განსაკუთრებით კი უძველეს ადამიანთა ნაშთებით, რომელთა ასაკიც 1,8 მილიონი წელია.
ბაშპლემის ტბა ვულკანურ პლატოზე მდებარეობს და გარს აკრავს ბორცვები; იკვებება მდინარე მაშავერას პატარა შენაკადებით. მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგიური თვალსაზრისით ეს ზონა დიდად შესწავლილი არ არის, მკვლევრებს იქ აღმოჩენილი აქვთ კერამიკის ფრაგმენტები, საფლავის ქვები, ობსიდიანის ნაჭრები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ რეგიონში ადამიანთა მნიშვნელოვანი აქტივობები უნდა ყოფილიყო.
მიუხედავად იმისა, რომ მკვლევართათვის ახალია, „ასოები“ საკმაოდ ჰგავს საქართველოში აღმოჩენილ სხვა, ქრისტიანობამდელი პერიოდის ახლოაღმოსავლურ წარწერებს, რომლებიც დღემდე გაუშიფრავია. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფირფიტაზე გამოსახული სიმბოლოები ვინმეს მიერ იყოს გაყალბებული.
„ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე არ არსებობს მიზეზი, რომ ამ არტეფაქტის ავთენტურობაში ეჭვი შევიტანოთ“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
დმანისის გარდა, საქართველოს უძველესი ტერიტორიები მრავალი კულტურის შემკრები იყო, რომლებმაც საკუთარი კვალი სხვადასხვა დამწერლობით დატოვეს. მცხეთაში აღმოჩენილია ბერძნულ, ებრაულ, არამეულ და შუა სპარსულ ენებზე შესრულებული ეპიგრაფები.
საქართველოს მთიან რეგიონებში აღმოჩენილია დღემდე გაუშიფრავი, პოტენციურად კრიპტოგაფიული სურათები.
თუმცა, ბაშპლემის წარწერები ამ დროისათვის ცნობილ არცერთ სხვა დამწერლობის სისტემას არ ჰგავს. სიმბოლოებს მხოლოდ ნაწილობრივი მსგავსება აქვს ზოგიერთ სემიტურ, ბერძნულ, ინდურ სისტემებთან და საქართველოში აღმოჩენილ ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანების ზოგიერთ ბეჭედთან. ასეთი განსაკუთრებულობა მკვლევრებს აფიქრებინებს იმის შესაძლებლობას, რომ ის შეიძლება დამოუკიდებელი დამწერლობის სისტემა იყოს ან თუნდაც პროტოსისტემა, რომელიც შეიძლება ადგილობრივად ჩამოყალიბდა.
კლასიკურ სამყაროში გვხვდება ცნობები აღმოსავლეთში გავრცელებულ სხვა ენებზე. ბერძენი და რომაელი ავტორები მიუთითებენ კოლხებთან დაკავშირებული უძველესი დამწერლობის არსებობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დამწერლობათა კვალი შემორჩენილი არ არის, ზოგიერთი მეცნიერი ირწმუნება, რომ დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილ კერამიკაზე არსებული ორნამენტული ნიშნები შეიძლება კოლხური დამწერლობის კვალს წარმოადგენდეს.
საქართველო ოდითგანვე იყო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი ხიდი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში ამდენი სხვადასხვა წარწერა, პიქტოგრამა და ანბანია აღმოჩენილი, სულაც აღარ არის გასაკვირი ცნობილი ისტორიისგან განცალკევებული უცნაური დამწერლობის კიდევ ერთი ნიმუშის აღმოჩენა.
ასოების ფორმები შეიძლება ახლოაღმოსავლურ სიმბოლოებს წააგავდეს. მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ ნიშნები ასევე აგონებთ პროტოქართველურ დამწერლობას — ენა, რომელმაც დასაბამი მისცა რეგიონის თანამედროვე ენებსა და დიალექტებს.
„არქეოლოგიური გათხრები ამ არქეოლოგიურად მდიდარ ადგილას ყველა კითხვაზე გაგვცემს პასუხს“, — წერენ მკვლევრები.
წყარო: 1tv.ge
 
109 /
11 იანვარი 2025
სხვა სიახლეები:
მეცნიერება
11 იანვარი 2025
მეცნიერება
26 ივნისი 2023
კომენტარები