საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ახალ წელს თითქმის ყოველთვის სიახლეები და ცვლილებები მოაქვს.სასიამოვნო სიახლეები კარგია, თუნდაც მოულოდნელი იყოს, თუმცა, სხვა შემთხვევაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ჯობს ინფორმირებული ვიყოთ და მომზადებული შევხვდეთ. ჩვენ რამდენიმე ისეთ ცვლილებას მოვუყარეთ თავი, რომელიც ძალაში ახალი წლიდან შევა, ანდა მათი ამოქმედება 2020 წელს იგეგმებოდა და მიზეზთა გამო გადაიდო.
ავტომობილისთვის კატალიზატორი აუცილებელია
ავტომობილებში კატალიზატორის ქონის ვალდებულება გადავადდა. ეს ვალდებულება 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება ყველა ავტომობილისთვის. თუმცა მანამდე - 2020 წლის 1-ლი აპრილიდან, პარამეტრები გამკაცრდება. კერძოდ, თუ დღემდე CO-ს შემცველობა გამონაბოლქვში არ უნდა ყოფილიყო 0,8%-ზე მეტი, 2020 წლის 1-ლი აპრილიდან ეს ზღვარი 0,7%-მდე ჩამოდის (ძრავის როგორც მსუბუქ, ისე მომატებულ ბრუნზე), ხოლო 2021 წლიდან - 0,6%-მდე. 2022 წლის 1-ლი იანვრიდან კი ევროპულ სტანდარტზე გადავდივართ, რაც ნიშნავს, რომ კატალიზური კონვერტორი უნდა ჰქონდეს ყველა ქარხნულად დამზადებულ ავტომობილს, რომელსაც კატალიზატორი კონსტრუქციულად აქვს და CO-ს შემცველობა გამონაბოლქვში როგორც მსუბუქ, ისე მომატებულ ბრუნზე 0,3%-დან 0,5-მდე დიაპაზონში უნდა მერყეობდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - 2020 წლიდან ევროსტანდარტების დაკმაყოფილება იმ იმპორტირებულ ავტომობილებს მოუწევს, რომლებიც 2020 წლის 1-ლი აპრილიდან პირველად რეგისტრაციას გაივლიან საქართველოში და ისინი კატალიზური კონვერტორით უნდა იყვნენ აღჭურვილი. ასევე 2022 წლამდე გადავადდა ავტომობილში ცეცხლმაქრის, პირველადი სამედიცინო ყუთისა და უსაფრთხოების სამკუთხედის ქონის ვალდებულება.
თხევადი აირის აირბალონებისა და აირის სისტემების ტექინსპექტირება
2020 წლის 1-ლი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდება. შესაბამისად, მძღოლები ვალდებული იქნებიან, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი. ის გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ. ხოლო ამ სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, ავტომობილი პერიოდულ ტექინსპექტირებაზე არ დაიშვება. გათხევადებული აირის აირბალონი ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა - 3 წელიწადში ერთხელ.
გამონაბოლქვს გარემოს დაცვა და საპატრულო შეამოწმებენ
2019 წლის 11 თვეში პირველადი ტექინსპექტირება 719-მა ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 1,3 მლნ-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული. შესაბამისად, 500 ათასი ერთეული ან რეგისტრირებულია და არ მოძრაობს, ან ტექინსპექტირებას არ გადის. ე.წ. ჭკვიანი კამერები ავტომობილის მოჭარბებულ კვამლიანობას ვერ აღნუსხავენ, საპატრულო პოლიციამ კი შესაძლოა მაქსიმუმ ის გადაამოწმოს, გავლილი აქვს თუ არა ავტომობილს ტექინსპექტირება. მძღოლებიც ამით სარგებლობენ, ტექინსპექტირების გასავლელად მანიპულაციებს მიმართავენ, შემდეგ კი კვლავ უხარისხო საწვავით ან გაუმართავი მანქანით გადაადგილდებიან. ამიტომ, მომავალი წლიდან შეიქმნება გარემოს დაცვისა და საპატრულო პოლიციის ერთობლივი ეკიპაჟები, რომლებიც გზაზე ავტომობილებს გადაამოწმებენ და გაუმართაობის გამო დააჯარიმებენ კიდეც.
რა ელით მარჯვენასაჭიან და საჭეგადატანილ მანქანებს
ასეთი ავტომობილების მფლობელებისთვის რეგულაციები 2020 წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება. კერძოდ, თუ მძღოლი საჭის გადატანასა და ტექინსპექტირების გავლას 2020 წლის 1-ლ აპრილამდე მოასწრებს, მისი ავტომობილი ტექინსპექტირებას შემდგომ წლებშიც გაივლის. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი საჭის გადატანა და ასეთი ავტომობილის ტექდათვალიერებაც იკრძალება. იგივე რეგულაციები ვრცელდება მარჯვენასაჭიან ავტომობილებზეც.
რაც შეეხება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მაშუქებს, რომელთა მიმართულების შესაცვლელად შესაძლებელი იყო შესაბამისი სტიკერების გამოყენება, 2020 წლის 1-ლ აპრილამდე ასეთი ავტომობილები შეძლებენ ტექინსპექტირების გავლას, ამის შემდეგ კი ფარების შეცვლის ვალდებულება ექნებათ.
აღსანიშნავია კიდევ ერთი ცვლილება, რომლის თანახმადაც, 10 წლისა და მეტი ხნის საბურავებით ავტომობილები ტექინსპექტირებას ვერ გაივლიან.
100-ლარიანი აქციზი სპორტული ავტომობილისთვის
წყარო: https://commersant.ge
 
1823 /
28 ოქტომბერი 2021
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები