პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
ოკუპანტებმა ქართველების მისამართით საოკუპაციო ხაზთან უკვე ცეცხლის გახსნა დაიწყეს. 33 წლის ზაზა გახელაძეს ოკუპანტებმა ჯერ ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი დაჭრილი გაიტაცეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.
შემთხვევა სოფელ სხვილოს ციხესთან, ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. უცნობია როგორია გატაცებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რამდენად მძიმეა ჭრილობა, რომელიც მას შეიარაღებულმა ფორმიანებმა ცეცხსასროლი იარაღით მიაყენეს.
„რეზონანსთან“ კონფლიქტოლოგები ამბობენ, რომ ცეცხლის გახსნა რაღაც ახალი ქმედებაა, რომელიც განგაშის საფუძველს იძლევა. მათი აზრით, შესაძლოა რუსმა ჯარისკაცებმა მიიღეს ბრძანება, რომ საოკუპაციო ზოლთან მისულ ქართველებს ცეცხლი გაუხსნან და მათი შეშინება ამ ფორმით მოახდინონ.
33 წლის ზაზა გახელაძე კი კასპის რაიონის ტერიტორიიდან, ტყეში ყოფნის დროს გაიტაცეს. ის დაჭრილია, რადგან უკანონო დაკავების დროს, მას რუსმა ოკუპანტებმა ფეხში ესროლეს.
სოფელ ქვემო ჭალაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ისინი გატაცებულის ოჯახის წევრებს შეხვდნენ. მონიტორები იმ ადგილზეც მივიდნენ, სადაც უკანონო დაკავება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის ზაზა გახელაძე ახალგორის საავადმყოფოდან ცხინვალში გადაიყვანეს.
ოჯახის ინფორმაციით, გახელაძე შაბათს დილით სოკოს შესაგროვებლად წავიდა და რამდენიმე საათში გაირკვა, რომ ის ოკუპანეტბმა გაიტაცეს.
გატაცების ადგილი მოინახულეს "ძალა ერთობაშიას" წევრებმა. დავით ქაცარავას თქმით, გატაცებულს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს და იგი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
„ჩვენს მოქალაქეს, ალბათ, რამდენიმეწლიან პატიმრობას მიუსჯიან... ზაზა გახელაძეს ოკუპანტები აბრალებენ ცეცხლის გახსნას. რუსი ოკუპანტები ბევრად უფრო აგრესიულ ქმედებებზე არიან გადასულები, ვიდრე ადრე“, - განმარტავს ქაცარავა.
სუს-ში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი და მიმდინარეობს ოკუპანტებთან მოლაპარაკებები გატაცებულის გასათავისუფლებლად.
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასთან დაკავშირებით კი განცხადებას ავრცელებს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად მოითხოვს დაჭრილი და უკანონოდ თავისუფლება აყრილი საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გადმოცემას ქართული მხარისთვის.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრი შეფასება მისცეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების აღსაკვეთად," - ნათქვამია განცხადებაში.
კონფლიქტოლოგი და ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ამ ხნის განმავლობაში ცეცხლის გახსნის ფაქტი არ ყოფილა და ეს საკმაოდ მძიმე მოვლენაა. ამბობს, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც გატაცების დროს საქართველოს მოქალაქეს რუსმა ოკუპანტებმა დამიზნებით ესროლეს.
„პირველი შემთხვევაა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქართველების მისამართით ამ ხნის განმავლობაში ცეცხლის გახსნა პირველად გამოიყენეს. მე მაგალითად ასე გავიგე, რომ გაღიზიანებულმა რუსმა ოკუპანტებმა გამაფრთხიებელი აქტი განახორციელეს. რუსეთის ჯარში ვინც ნამყოფია, ყველამ კარგად იცის, რომ ბრძანების გარეშე ჯარისკაცები ერთ ნაბიჯს არ დგამენ.
„იქ თითო გასროლილ ტყვიას ითვლიან და ამოწმებენ. ამიტომაც, რა თქმა უნდა, რუსი ჯარისკაცები ამ შემთხვევაში ბრძანებას ასრულებდნენ. ოკუპირებულ ტერიორიაზე ტყვიის ასე ღიად გასროლა უკვე საგანგაშოა. ანუ მათ სროლის ბრძანება აქვთ მიღებული. მართალია მხოლოდ ფეხში დაჭრეს და მისი მოკვლა განზარხული არავის ჰქონდა, მაგრამ საკამოდ დიდი საფრთხის მატარებელია. ეს იყო გამაფრთხილებელი გასროლა, რომლის უკანაც დიდი საშიშროება დგას“, - აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.
ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსებმა ბრძანება მიიღეს, რომ ქართველებს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის დროს ესროლონ. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ეს არის საშინელი სიახლე, რაც მოსახლეობის დაშინების ახალ მეთოდზე გადასვლას ნიშნავს.
„ჩემი აზრით ეს არის შეტყობინება, რომ სადაც რუსები არიან იქ ქართველებმა გადაადგილებაზე თავი შეიკავონ. არ არის გამორიცხული ასევე, რომ რუსეთს საპასუხო ცეცხლის გახსნა და ესკალაციის ხელახლა წამოწყება უნდა. რა ადგილზეც არის საუბარი იქ ქართველი პოლიციელები არ იმყოფებოდნენ და როგორც ჩანს ეს სამარცხვინო აქტი უფრო თამამად განახორციელეს. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ცეცხლის გახსნა არ მოხდეს.
„საერთაშორისო დონეზეც კი რუსეთზე ზემოქმედება უნდა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ შეწყდეს საკუთარი ქვეყნიდან ქართველების გატაცება და ურთიერთობა ცივლიზებულ ფარგლებში მოექცეს, სიტუაცია უარეს დონემდე მიდის. სამწუხარო ის არის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას პოზიციები ჩამოყალიბებული არა აქვს რა უნდა მოხდეს. ამ ფონზე კი რუსეთი ექსპერიმენტებს ატარებს და ახლა ცეცხლის გახსნა მოსინჯეს“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ზაქარეიშვილი.
კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია და შესაძლოა რუსებს ჰქონდეთ ცეცხლის გახსნის ბრძანება, თუმცა ეს რამდენად ტენდენციურ ხასიათს მიიღებს, ამაში ეჭვი ეპარება. მისივე თქმით, ახლა სეპარატისტების მხარეს ეს ამბავი კულუარულად რომ მოიკითხო, განაცხადებენ ქართველს სანადირო თოფი ჰქონდა, მხრიდან მოიხსნა და ცეცხლი ამიტმაც გავხსენითო.
ამბობს, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმდება, რათა ქართული მხარე აიძულონ, მოლაპარაკების მაგიდასთან საზღვრის თაობაზე დასხდნენ. აიძულონ, რომ მიდგომები და პოლიტიკური ორიენტაცია შეცვალონ.
„მთელი ეს ბორდერიზაცია და ე.წ. საზღვრის გაუთავებელი გაწევ-გამოწევა, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ საქართველომ პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალოს. ასევე პირობითი საზღვრის ე.წ. სახელმწიფო საზღვრად ქცევა. არ გაჩერდებიან, ეს პრობლემა სულ გვექნება, ვიდრე ჩვენ პოლიტიკას სტრატეგიული თვალსაზრისით არ გადავხედავთ. ზოგს მართლა ჰგონია, რომ რუსები დღეს კიდევ იმ რუკებით მოქმედებენ, რომელიც მათ აქვთ და რომელიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გულისხმობს. რუსები ხაშურამდე, კასპამდე და ქარელამდე შეეცდებიან, ჩამოვიდნენ.“
მისივე თქმით, ფაქტი ერთია, რომ საქართველოს საგარეო კურს არ შეცვლის. ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორები აქტიურად ვერ გვეხმარებიან. ამიტომაც არეშიძე ფიქრობს, რომ მიდგომა უნდა შევცვალოთ, რაც რუსეთის მიმართულებით გარკვეული აქტოვობების შეცვლას გულისხმობს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ სასწრაფოდ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯებია შესამუშავებელი.
წყარო resonancedaily.com
 
1063 /
13 ივლისი 2020
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები